ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეტაკება აზერბაიჯანი-სომხეთის ჯარების გამყოფ ხაზზე მსხვერპლით დასრულდა

23 იანვარი, 2015 • • 1058
შეტაკება აზერბაიჯანი-სომხეთის ჯარების გამყოფ ხაზზე მსხვერპლით დასრულდა

იმის თაობაზე, რომ პარასკევს, 23 იანვარს, “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სომხეთის თავუშის ოლქში” დაიღუპა სომეხი ჯარისკაცები, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არწრუნ ოვანისიანმა. მისი ინფორმაციით, “მოწინააღმდეგემ საზღვარზე დესტაბილიზაციის მიზნით მორიგი ნაბიჯი გადადგა, რათა გააგრძელოს დივერსიული ტაქტიკა და თავდასხმები სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის საზღვრის მთელ სიგრძეზე”.

 

ამასთან, როგორც რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი წერს, “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არაფრად აგდებს თავის მრავალრცხოვან დანაკარგს, რასაც უხეშად მალავს და აგრძელებს ტაქტიკური თვალსაზრისით უაზრო დივერსიებს. გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა,” – იტყობინება არწრუნ ოვანისიანი.

სომეხი ჯარისკაცი ყარაბაღში
სომეხი ჯარისკაცი ყარაბაღში

 

დილის შეტაკებები ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოვანისიანის თქმით, “მოწინააღმდეგემ განიცადა დანაკრგი და უკან, საწყის პოზიციაზე დაიხია”. სომხური მხრიდან დაიღუპნენ ლეიტენანტი კარენ გალსტიანი და რიგითი არტაკ სარქისიანი.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ახლობლებს და განაცხადა, რომ “სრული პასუხისმგებლობა დაძაბულობის ესკალაციისთვის საზღვარზე აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სინდისზეა”.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი