ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ენის გაქრობის პრობლემაზე სოხუმში ფილმი გადაიღეს

22 იანვარი, 2015 • 1225
აფხაზური ენის გაქრობის პრობლემაზე სოხუმში ფილმი გადაიღეს

დოკუმენტური ფილმის “აფხაზური ენა. გუშინ. დღეს. ხვალ” გადაღების იდეა წამოვიდა იმ გარემოებიდან, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების რიცხვშია, განუცხადა “სპუტნიკ აფხაზიას” ფილმის სცენარის ავტორმა, ჟურნალისტმა მანანა კოკოსკირმა.


“მე დავივწყე კვლევით, შევისწავლე სხვა ქვეყნების გამოცდილება. გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა რუსეთში და გაეცნო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი ლინგვისტების მოსაზრებებს. ვიყავით ასევე რესპუბლიკებში, სადაც გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენები აქვთ” , – ამბობს კოკოსკირი.


გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების შენარჩუნების გამოცდილების გაცნობის შემდეგ ფილმის ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზურ ენას გადარჩენის პერსპექტივა აქვს. თუმცა, კოკოსკირის აზრით, თუ ამ პრობლემის მოგვარებით ახლავე არ დაკავდებიან, სავსებით სავარაუდოა, რომ აფხაზური ენა გაქრეს.


მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აფხაზური ენის შენარჩუნებას ეხება, ის რუსულ ენაზეა გადაღებული, წერს “სპუტნიკ აფხაზია”.


“შემთხვევითი არ არის, რომ ფილმი რუსულ ენაზეა, ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზური არ იცის”, – ამბობს კოკოსკირი.


გადამღები ჯგუფი ფილმზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.


ფილმის პრემიერას აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო.


“მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ უფრო ფართოდ გამოვიყენებთ სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ჩვენი ენა არ გაქრება. აფხაზი ხალხი ყოველთვის ძლიერი იყო სულიერად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საკითხშიც შევძლებთ სასურველის მიღწევას. მსგავსი ფილმები ძალიან სასარგებლოა”, – განაცხადა ხაჯიმბამ.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი