ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გიუმრის ტრაგედია და საფრთხე რუსული სამხედრო ბაზიდან სომხეთში

21 იანვარი, 2015 • • 2369
გიუმრის ტრაგედია და საფრთხე რუსული სამხედრო ბაზიდან სომხეთში

ერთდროულად დაიღუპა ერთი ოჯახის სამი თაობა. ყველაზე უფროსი 56 წლის იყო, უმცროსი – 2 წლის. მაშინ მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი გადარჩა. ერთი კვირის განმავლობაში სომეხი და რუსი ექიმები ცდილობდნენ დაჭრილი ბავშვის გადარჩენას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. 19 იანვარს ბიჭი დაიღუპა.

 

პერმიაკოვი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, როდესაც ის სომხეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ჯარისკაცს დანაშაული არ უარუყვია და აღიარებითი ჩვენება მისცა. როგორც მან გამომძიებლებს უთხრა, მოწყურდა და წყლის დასალევად შეეცადა ავეტისიანების სახლში შესვლას, ხოლო როდესაც მასპინძელთაგან ერთ-ერთმა გაიღვიძა, შეეშინდა, რომ პოლიციას გადასცემდნენ და ცეცხლი გახსნა. რუსეთის გარნიზონის სასამართლომ ერევანში დაკავებულ სამხედროს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პერმიაკოვს ბრალი წარდგენილი აქვს დეზერტირობისთვის ტაბელური იარაღით და მკვლელობისთვის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული აქვს სომხურ მხარესაც, თუმცა დეზერტირი უწინდებურად რჩება გიუმრის სამხედრო ბაზაზე. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გევორგ კოსტანიანმა აღიარა, რომ ფაქტობრივად ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ორი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ცალ-ცალკე, მაგრამ “დაცულია სომხურ-რუსული საერთაშორისო შეთანხმების მოთხოვნები, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე, ორი ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა”.

 

სომხეთის მოსახლეობა დამნაშავის სომხური მართლმსაჯულებისთვის გადაცემას მოითხოვს მაშინ, როდესაც ბრალდება წარდგენილია რუსული მხარის მიერ.

 

“ტრაგედიამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ხალხში გაჩენილი დაძაბულობა არ ნელდება, რაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, რომლის მოწმენიც ჩვენ ბოლო დღეებში გავხდით. აუცილებელია გადაიდგას რეალური ნაბიჯები შექმნილი ვითარების განსამუხტად. იმედი გვაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან”,- ასეთი განცხადებით მიმართა გიუმრის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სომხეთის გენერალურ პროკურორს. გიუმრის უხუცესთა საბჭომ, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქმე გადაეცეს სომხურ მხარეს და ეს საქმე გამოძიებული იქნება გამჭვირვალედ და სამართლიანად.

 

როგორც გიუმრის ჟურნალისტთა კლუბ “ასპარეზის” საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქის უხუცესთა საბჭოს წევრი ლევონ ბარსეგიანი ამბობს, ხალხს სურს, რომ ბრალდებული გადასცენ სომეხ სამართალდამცავებს, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ, სწორედ სომხურ მხარეს უნდა ჰყავდეს ის დაპატიმრებული და მათ უნდა ჩაატარონ სასამართლო განხილვები, როგორც დომინანტმა მხარემ, რომელიც იღებს უმთავრესად გადაწყვეტილებას. რუსულ მხარეს, ბარსეგიანის თქმით, შეუძლია გაუწიოს დახმარება სომხურ მართლმსაჯულებას.

 

არსებობს საფრთხე, რომ სამხედროები გაიყვანენ პერმაკოვს რუსეთში, სადაც უკვე დაიწყო საუბრები, რომ მას მიიჩნევენ “სინდისის პატიმრად”.  კერძოდ, ამგვარად ფიქრობენ რუსეთში ახლახან შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ანტიმაიდანის” წარმომადგენლები.

 

ამ საქმეს მასობრივი საპროტესტო აქციების გარეშე არ ჩაუვლია – ერევნისა და გიუმრის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მოითხოვეს პერმიაკოვის სომხური მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება იყო გიუმრიში, სადაც 15 იანვარს დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი გამოვიდა და საოლქო პროკურატურის შენობის ბლოკირება მოახდინა, შემდეგ კი შეეცადნენ ამ ქალაქში რუსეთის საკონსულოს შენობაში გადასვლას. დემონსტრანტებს გზა პოლიციამ გადაუღობა, რის გამოც სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. პოლიციამ შუქბგერითი ყუმბარებით უპასუხა. საბოლოო ჯამში, შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, პოლიციელების ჩათვლით. 15 იანვარსვე, საპროტესტო აქციის დროს რუსეთის საელჩოს და გენერალური პროკურატურის შენობებთან ერევანში დააკავეს 2 ათეულზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში პერმიაკოვის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით. იურიდიული კოლიზია მდგომარეობს იმაში, რომ რუსული მხარე არ გადასცემს თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, საკუთარი კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამასთან, სომხეთის კონსტიტუციითაც ქვეყანა თავის მოქალაქეებს არ გადასცემს სხვა ქვეყანას.

 

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არა კაზარიანი მიიჩნევს, რომ საკუთარი მოქალაქის გადაცემით, სომხეთიც და რუსეთიც დაარღვევენ ამ ორი ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებს. იგი ხაზს უსვამს სომხეთის კონსტიტუციის მუხლს, რომელშიც ნათქვამია: “დაუშვებელია სომხეთის მოქალაქის გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის, გამონაკლისი შემთხვევაა, თუკი ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც რატიფიცირებულია სომხეთის მიერ”. რუსეთის კონსტიტუციაში კი საერთოდ არანაირი გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული და შესაბამისი მუხლი უფრო კტეგორიულად ჟღერს: “დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გაგზავნა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს მიღმა ან მისი გადაცემა სხვა სახელმწიფოსთვის”.

 

რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე “არსებული გარემოებებიდან გამომდინარე” იმყოფება მათი იურისდიქციის ქვეშ – ეჭვმიტანილი სომხეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა. არა კაზარიანის თქმით, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ მოხდა საზღვარზე აღმოჩენილი ეჭვმიტანილის რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანა სომხეთის სამართალდამცავის ორგანოების გვერდის ავლით, რომლებსაც მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული. თუმცა იგი არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ფაქტორსაც. ამ შემთხვევაში სომხეთი, მისი აზრით, იძულებული იყო დაეთმო და უფლება მისცა რუს სამხედროებს წაეყვანათ ჯარისკაცი ბაზაზე. იმ მომენტიდან კი, როცა უცხოელი ჯარისკაცი აღმოჩნდება მისი ქვეყნის ბაზაზე, იგი ხელშეუხებელი ხდება ადგილობრივი მთავრობისთვის, – განმარტავს კაზარიანი.

 

ამასთან იურისტი იხსენებს სომხურ-რუსულ შეთანხმებას სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, რომელშიც ნათლად წერია, რომ დანაშაულის გამოძიება, რომელიც არ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ჩადენილია სამხედრო ნაწილის ტერიტორიის მიღმა, წარმოებს სომხეთის სამართალდამცავების მიერ საკუთარი კანონების შესაბამისად. რუსეთის წინააღმდეგ დანაშაული შეიძლება ეწოდოს დეზერტირობას იარაღით, მაგრამ შვიდი ადამიანის მკვლელობა პერმიაკოვმა ჩაიდინა თავისი ბაზის ტერიტორიის მიღმა და ამ მეორე დანაშაულის სიმძიმე შეუძლებელია შეედაროს პირველს.

 

ხალხი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ტრაგედიის პირველ დღეს ყველა წამყვანი რუსული მედიასაშუალება, მათ შორის ფედერალური არხები, დუმდნენ და დიდხანს ვერ ჩამოყალიბდნენ – გაეშუქებინათ თუ არა ეს ინფორმაცია. მაგალითად, რუსეთის პირველმა არხმა მომხდარიდან მეშვიდე დღეს გააშუქა ეს ამბავი, როდესაც პუტინმა დაურეკა სარგსიანს. გიუმრიში ჩავიდა ანდრეი მალახოვი იმისთვის, რომ მოემზადებინა მორიგი თოქ-შოუ «Пусть говорят» (დაე, ისაუბრონ).

ანდრეი მალახოვი გიუმრში
ანდრეი მალახოვი გიუმრში

მხოლოდ პუტინის ზარის შემდეგ ჩავიდა ერევანში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, გენპროკურატურის წარმომადგენლები, თუმცა მოლაპარაკება უწინდებურად ვერ ხერხდება. დამნაშავე დღმდე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რჩება და იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური პირები საუბრობენ, რომ გახმაურებული საქმის გამოძიება ორივე ქვეყნის ძალისხმევით მიმდინარეობს, ყველას ესმის, რომ პერმიაკოვი რჩება რუსეთის იურისდიქციის ქვეშ. ხალხი კი მიიჩნევს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემა  სომხური მართლმსაჯულებისთვის ხელს შეუწყობდა სომხურ-რუსული ურთიერთობის შენარჩუნებას ისეთსავე მაღალ დონეზე, როგორც იყო ამ საშინელ დანაშაულამდე. დღეს კი ამ ურთიერთობაში ბზარები გაჩნდა.

 

გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ გიუმრის დანაშაული აუცილებლად დატოვებს სერიოზულ უარყოფით კვალს სომხურ-რუსულ ურთიერთობებში.


“ის, ვინც გიუმრიში სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმების მიხედვით ვალდებულია დაიცვას სომხეთის მოქალაქეები საგარეო საფრთხის შემთხვევაში, თავად კლავს ამ მოქალაქეებს,” – განაცხადა პოლიტოლოგმა. სიტუაცია, მისი აზრით, კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის გამო, რომ სომხეთის ტერიტორიაზე, ანუ რუსული სამხედრო ბაზის მიღმა დაკავებული დამნაშავე არა მხოლოდ არ გადასცეს სომეხ სამართალდამცავებს, არამედ იფარავენ მას ბაზის ტერიტორიაზე.

 

“დანაშაული ჩადენილი იქნა სუვერენული სომხეთის ტერიტორიაზე და ხალხი მოითხოვს ხელისუფლებისგან ეფექტურ და ცხად მოქმედებებს, რომელიც გამომდინარეობს ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებიდან და მისი ინტერესებიდან და არა “უფროსი ძმის” და “სტრატეგიული პარტნიორის” ხუშტურებზე”, – განაცხადა გრიგორიანმა.

 

თავის მხრივ, განსაკუთრებულ დავალებათა ყოფილი ელჩი დავიდ შახნაზარიანი მიიჩნევს, რომ რუსეთი სომხეთში სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმების ჩანაწერის უარყოფით ახდენს სიტუაციის პოლიტიზებას, თუმცა თავად მოსკოვში აცხადებენ, რომ არ შეიძლება სომხეთში სიტუაციის პოლიტიზება. შახნაზარიანმა განაცხადა, რომ ბარბაროსული დანაშაული ჩადენილი იქნა იარაღით, რომელიც ეკუთვნის რუსულ სამხედრო ბაზას, რომელიც დისლოცირებულია გიუმრიში და “ამაზე პასუხისმგებელია რუსეთის მთავრობა”.

 

“რუსეთის მთავრობა იძულებული იყო ოფიციალურად ეთხოვა პატიება სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობისთვის,” – მიიჩნევს დავიდ შახნაზარიანი. მას რუსეთის პრეზიდენტისა და რუსი ჩინოვნიკების მიერ გამოთქმული სამძიმრის შემდეგ შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ უბედური შემთხვევა მოხდა.

დავიდ შახნაზარიანი
დავიდ შახნაზარიანი

ცხადია, შექმნილ პირობებში დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად ჭირდება რუსული სამხედრო ბაზა სომხეთს, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 1999 წელს ორმა ნასვამმა სამხედრომ ბაზიდან სროლა აუტეხა ხალხს გიუმრის ბაზარში, მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. არც ისე დიდი ხნის წინ პოლიგონზე ჭურვის აფეთქების შედეგად ბავშვები დაზარალდნენ. საარტილერიო პოლიგონს არ ჰქონდა ღობე…

 

ამის მიუხედავად, არც ერთ სერიოზულ პოლიტიკოსს ან საზოგადო მოღვაწეს სომხეთში არ გაუკეთებია განცხადება, რომ მორიგი და ყველაზე საშინელი ტრაგედია რუსი სამხედროების მონაწილეობით გიუმრიში უნდა გახდეს საბაბი განხილვებისა, თუ რამდენად აქვს აზრი რუსული სამხედრო ბაზის ყოლას საკუთარ ტერიტორიაზე? ეს თემა არც ოპოზიციას წამოუწევია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისტემური, ერთიანი და თანმიმდევრული ოპოზიცია ქვეყანაში არ არის.

 

ინსტიტუტ “კავკასიის” დირექტორის მოადგილე, სამხედრო ექსპერტი სერგეი მინასიანი, ასევე, დარწმუნებულია, რომ გიუმრიში ადამიანების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება, რომ არ გადაეცათ საკუთარი სამხედრო მოსამსახურე და არა თავად სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთში. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში არის “ნაწილი საერთო სამხედრო-პოლიტიკური ბალანსისა ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში, ასევე, იმისა, რომ სომხეთის მოსახლეობა მუდმივად გრძნობს საფრთხეს თურქეთიდან”. ამასთან, მინასიანის აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბაზის ნომინალური ღირებულება, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც სამხედრო ბაზის ყოფნისა საზღვარზე.

 

“სამხედრო ბაზის ყოლა სომხეთში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს,” – ამბობს მინასიანი, – “ამ მიზეზით აწვდის ის სომხეთს იარაღს შეღავათიანი შიდა ფასებით, რაც აზერბაიჯანის მიერ იმავე მოსკოვიდან თანამედროვე შეიარაღების მრავალმილიარდიანი შესყიდვების ფონზე ქმნის ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბალანსს. და რამდენადაც პროგნოზირებად მომავალში სომხეთს არ აქვს ალტერნატიული წყარო იარაღის მიწოდების და უსაფრთხოების რაიმე გარანტიის უზრუნველყოფის კუთხით სხვა ქვეყნებიდან, ბაზის ფაქტორი სომხეთისთვის კიდევ დიდხანს დარჩება პრაქტიკულად უალტერნატივოდ”, – დაასკვნა ექსპერტმა.

 

სხვათა შორის, მოსკოვსა და ერევანს შორის 2010 წელს განახლებული შეთანხმების მიხედვით, სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე 2044 წლამდე იქნება დისლოცირებული. ამასთან, სომხეთი იხდის მის ყველა კომუნალურ ხარჯს – წყლის, ელექტროენერგიის, გაზის გადასახადებს. სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობა არ არიან ამის წინააღმდეგ, რადგან აცნობიერებენ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან მომდინარე საფრთხეებს. უბრალოდ, მათ არ სურთ, რომ ბაზიდანაც საფრთხე ემუქრებოდეთ. მოსახლეობა ღია სასამართლოს და მკვლელისთვის სამართლიან სასჯელს ელის სომხეთის ტერიტორიაზე.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი