ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: გიუმრიში მოკლული ოჯახის სასამართლო პროცესი საჯარო იქნება

20 იანვარი, 2015 • 1068
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: გიუმრიში მოკლული ოჯახის სასამართლო პროცესი საჯარო იქნება

“სომხეთის რესპუბლიკაში სახალხო სასამართლო პროცესის გამართვა გახდება მტკიცებულება იმისა, რომ ორივე მხარე მიისწრაფის სამართლიანობისა და მართლმსაჯულებისკენ,”- განაცხადა ბასტრიკინმა.

 

მისი თქმით, რუსეთის მხარეს სომეხ კოლეგებთან აქვს სრული ურთიერთგაგება და მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებსა და სომხეთის სამართალდამცავებს შორის გამოძების ჩატარებისას.

 

20 იანვარს “ნოვაია გაზეტამ” სომხეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებული ჯარისკაცის ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთის ტერიტორიაზე გაიმართება, თუმცა საქმეს რუსეთის სამხედრო სასამართლო განიხილავს.

 

12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელმაც სომხეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა აღიარა. ბრალდებული დაპატიმრებულია და გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

პერმიაკოვის სომხეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით 13 იანვრიდან ერევანში, გიუმრიში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და გამოსვლები ეწყობა.


საპროტესტო აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან; ფოტო: azattyq.org
საპროტესტო აქცია ერევანში რუსეთის საელჩოსთან; ფოტო: azattyq.org


მსგავსი შემთხვევა გიურიში ადრეც მოხდა. 1999 წლის აპრილში ორმა რუსმა მესაზღვრემ ცეცხლი გახსნა გიუმრის ბაზარში, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. მაშინ საქმე განიხილა გიუმრის სასამართლომ, რომელმაც ბრალდებულებს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, მოიხადეს თუ არა რუსმა ჯარისკაცებმა სასჯელი სომხეთში, ცნობილი არ არის, წერს “კავკაზსკი უზელი”.



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი