ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გიუმრიში გადარჩენილი ახალშობილის მდგომარეობა გაუარესდა

19 იანვარი, 2015 • 980
გიუმრიში გადარჩენილი ახალშობილის მდგომარეობა გაუარესდა

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ბავშვს თირკმლისა და გულის უკმარისობა გაუმწვავდა, რის გამოც ექიმებმა პერიტონიალური დიალიზით მკურნალობა გადაწყვიტეს.

news.am-ის ინფორმაციით, რუსეთიდან ერევანში ჩავიდა ექიმთა ჯგუფი, რომლებიც სომეხ კოლეგებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდეს.


12 იანვარს სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლული იპოვეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის ბავშვი სამკურნალოდ ერევანში გადაიყვანეს. ახალშობილს დანით მიყენებული მრავალჯერადი ჭრილობები აქვს. 

 

მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც ამ დრომდე არ გადაუციათ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

პერმიაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული – დეზერტირობისა და მკვლელობისთვის.

 

13 იანვრიდან ერევანში, გიუმრიში და სომხეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები და გამოსვლები ეწყობა დამნაშავის სომხეთის მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით.

17 იანვარს სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისშიც, სომხეთის საელჩოსთან. აქციის მონაწილეებმა გიუმრიში მოკლული ავეტისიანების ოჯახის ხსოვნის პატივსაცემად საელჩოსთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს.


სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო
სოლიდარობის აქცია სომხეთის საელჩოსთან. 17.01.2015. თბილისი, საქართველო

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი