ახალი ამბები

Europa Nostra: საყდრისი–ყაჩაღიანის უნიკალური მემკვიდრეობის განადგურება უნდა შეწყდეს

16 იანვარი, 2015 • 1737
Europa Nostra: საყდრისი–ყაჩაღიანის უნიკალური მემკვიდრეობის განადგურება უნდა შეწყდეს

ორგანიზაციის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Europa Nostra შეუერთდა საყდრისი–ყაჩაღიანის დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო კამპანიას და მხარდამჭერებს პეტიციის ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

 

“დიდი დაზიანების მიუხედავად, ამ უნიკალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია,”– ნათქვამია Europa Nostra–ს განცხადებაში.

 

პეტიციას ხელი Europa Nostra–ს პრეზიდენტმაც მოაწერა:

 

“Europa Nostra ინფორმირებულია იმ სერიოზული ზიანის შესახებ, რაც მიადგა საყდრისი–ყაჩაღიანს, რომელიც, სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის თანახმად, მსოფლიოში აქამდე ცნობილ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ მიიღონ საჭირო ზომები, რათა შეწყდეს უნიკალური მემკვიდრეობის განადგურება. Europa Nostra მზად არის, შესთავაზოს საკუთარი გამოცდილება და ქსელი ქართველ ხალხს, რათა თავიანთი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში დაეხმაროს,” – განაცხადა მან.

 

საყდრისი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

 

RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

 

2015 წლის იანვარში კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია RMG Gold–ს ე.წ. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე  წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წლით გაუგრძელდა.

საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014
საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი. 15.12.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი