ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონში სპეცოპერაციის დროს დაღუპულთაგან ორის ვინაობა ცნობილია

14 იანვარი, 2015 • 1638
გალის რაიონში სპეცოპერაციის დროს დაღუპულთაგან ორის ვინაობა ცნობილია

ერთი მათგანია ჯ. ა, რომელიც სამართალდამცავების მტკიცებით, ეჭვმიტანილია გამტაცებელთა ჯგუფის ხელმძღვანელობაში. მეორე, საქართველოში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული ლ. ხ-ა. მესამე დაღუპულის ვინაობა ზუსტდება – წერს “კავკაზსკი უზელი”.


13 იანვარს, გალის რაიონის სოფელ რეპში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი სამართალდამცავი და გატაცებაში ბრალდებული სამი დამნაშავე გარდაიცვალა.


“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 12 იანვარს აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გალის რაიონის სოფელ ხიაცხას (ჭუბურხინჯი) მცხოვრებმა გელა გერგედავამ მიმართა. მან განაცხადა, რომ ის გატაცებული იყო და გაქცევა მოახერხა.


“მამაკაცს თავს დაესხნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები. ისინი არ მალავდნენ, რომ გამოსასყიდი უნდოდათ. მათ გელა გერგედავა სოფელ რეპში, მიტოვებულ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი” – განუცხადეს “კავკაზსკი უზელს” გალის რაიონის პოლიციის დეპარტამენტში.


გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, გერგედავამ ღამით გაქცევა მოახერხა და ერთ-ერთი გამტაცებელი დანით მოკლა. 


იმავე დღეს სოფელ რეპის ტერიტორიაზე, გამტაცებლების აყვანის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ორი სამართალდამცავი – რუსი მესაზღვრე და აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი.


მოხდარზე გალის რაიონის პროკურატურაში საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 217-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) აღიძრა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი