ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ბენზინსა და დიზელზე ფასი გაიზარდა

14 იანვარი, 2015 • 2038
აზერბაიჯანში ბენზინსა და დიზელზე ფასი გაიზარდა

გადაწყვეტილება საწვავის ფასის გაზრდის შესახებ აზერბაიჯანის მთავრობის, კერძოდ, ტარიფების შესახებ საბჭოს მიერ 12 იანვარს იქნა მიღებული.


საბჭოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, АИ-92 (რეგულარი) ტიპის ბენზინის საცალო ფასი 0,72 მანათი (0,92 აშშ დოლარი) იქნება, ხოლო დიზელის ფასი _ 0,62 მანათი (0,79 აშშ დოლარი). თხევადი გაზის საცალო ფასი იგივე რჩება _ 0,4 მანათი (0,5 აშშ დოლარი).


აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა; ფოტო: kavkaz-uzel.ru
აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა; ფოტო: kavkaz-uzel.ru


საწვავზე ფასის ზრდა საგზაო გადასახადის სისტემის შეცვლით აიხსნება.


ტარიფების შესახებ საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წლამდე ფიზიკური პირები საგზაო გადასახადს ძრავის მოცულობის შესაბამისად იხდიდნენ მანქანის ყოველწლიური ტექდათვალიერების გავლისას. იურიდიულ პირებს კი სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადი მათ ბალანსზე მყოფი ავტომობილებისთვის შეჰქონდათ საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციის უზრუნველყოფით.


იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები იყვნენ, საგზაო გადასახადი გადაეხადათ ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგარი ავტომობილების ფლობის გამოც, იმის მიუხედავად, სარგებლობდნენ თუ არა საავტომობილო გზებით, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.


საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან ავტომანქანების მფლობელები თავისუფლდებიან საგზაო გადასახადის პირდაპირი გადახდისგან. ამის ნაცვლად გადასახადის გადახდა მოხდება საწვავის ფასის გაზრდის ხარჯზე.


კავკაზსკი უზელ”-ის ინფორმაციით, ფასის ზრდა მოხდება იმპორტირებული ბენზინის შემთხვევაშიც.


“დღეს აზერბაიჯანში ხდება შემდეგი ტიპის ბენზინის იმპორტი: “პრემიუმ ევრო – 95” (АИ-95) და “სუპერ ევრო – 98” (АИ-98). ბაზარზე მათი ფასი თავისუფალია, ტარიფების შესახებ საბჭო არ არეგულირებს იმპორტირებული ბენზინის საცალო ფასს. თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ტიპის ბენზინის ღირებულების 0,02 მანათით გაზრდა იმოქმედებს მის საბითუმო ფასზე და მომწოდებლები უკვე თავად გადაწყვეტენ, გაზარდონ საცალო ფასი თუ არა”, – წერს “კავკაზსკი უზელ”-ი.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი