ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთიდან რუსეთის ბაზების გაყვანას ითხოვენ

13 იანვარი, 2015 • 1229
სომხეთიდან რუსეთის ბაზების გაყვანას ითხოვენ

“ჩვენ, სომხეთის მოქალაქეები, რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ ოფიციალურ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, რომ პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ასეთი არაადამიანური დანაშაულის ჩადენაში, მსახურობდა სომხეთში დისლოცირებულ რუსულ სამდედრო ბაზაზე. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელიც ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდალია, რომ მან ოფიციალლური ბოდიში მოუხადოს სომეხ ხალხს და გაიყვანოს რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიიდან”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის  ექვსი წევრი მოკლეს. ეჭვმიტანილმა, რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მთელი ოჯახი ამოხოცა და ახალშობილი ბავშვი დაჭრა.

საინფორმაციო სააგენტო News.am-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დღეს, 13 იანვარს, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე აიყვანეს და გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მისი დაკითხვა მოხდა.

 

“არმენია თუდეის” ცნობით, ამ დროისთვის ეჭვმიტანილი რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება. ის ჯერ კიდევ არ გადაუციათ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

მომხდართან დაკავშირებით 12 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია შეიქმნა და მკვლელობის გამოსაძიებლად შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი