ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებს

13 იანვარი, 2015 • 1231
გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებს

12 იანვარს სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც 102-ე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, ოჯახის ექვს წევრს ესროლეს. სროლის შედეგად ექვსივე მათგანი დაიღუპა.


ცნობილია, რომ 12 იანვარს სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზიდან იარაღითა და საბრძოლო მასალით აღჭურვილი ჯარისკაცი დაიკარგა.


“12 იანვარს 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ ყარაულში იარაღითა და საბრძოლო მასალით აღჭურვილი ჯარისკაცის არყოფნა აღმოაჩინა. დაუყოვნებლივ დაიწყო ჯარისკაცის ძებნა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.


არსებული საგანგებო სიტუაციის გამოსაძიებლად შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა სპეციალური კომისია, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არკადი ბახინი უხელმძღვანელებს – წერს “რია ნოვოსტი”.

 

გამოცემის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა და არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ “უდანაშაულო ადამიანების მიმართ ასეთ ძალადობას არანაირი გამართლება არა აქვს”.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ყველა შესაძლო დახმარების აღმოჩენას და დაღუპულთა ახლობლების მხარდაჭერას ჰპირდება.


“საგამოძიებო კომისიის შედეგების თანახმად, ყველა, ვინც კი დამნაშავეა მომხდარ ტრაგედიაში, მკაცრად აგებს პასუხს”, – ავრცელებს ციტატას თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზიდან “რია ნოვოსტი”.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო; ფოტო: gazeta.ru
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო; ფოტო: gazeta.ru



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი