სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 03:00 საათზე გამოჩნდნენ. აქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა, რომლებსაც #37 შენობის წინ მიმავალი გზა ორმხრივად ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაც.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, მამუკა ყირიმელი აცხადებს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, ცეცხლი დაახლოებით 250-300 კვადრატული მეტრზე იყო გაჩენილი:
“02:40 საათზე შემოვიდა მოქალაქის ზარი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იწვოდა ლიფტის შახტა და ცეცხლი გაყვა სახურავს, რომელიც დაახლოებით 250-300 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს დატბორვითი სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, ამას შემდგომ დაადგენს გამოძება.”
აფხაზეთიდან დევნილი ზაზა მიქავა, რომელიც ოჯახთან ერთად შენობის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, უსახლკაროდ არის დარჩენილი. როგორც დაზარალებული ამბობს, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი მის ოჯახს დაპირდა დროებითი თავშესაფრით. მიქავა “ნეტგაზეთთან” ხანძრის გაჩენის ვერსიაზე საუბრობს:
“3 საათი იყო დაწყებული, როდესაც კვამლმა გამაღვიძა… სახანძროს ქვემოდან დაურეკეს მაღაზიის დაცვის ბიჭებმა. ვარაუდი კი არა, დანამდვილებით ვიცი ხანძრის მიზეზი (შარშანწინაც მოხდა იგივე): კორპუსის ეზოში ცარიელი ოთახებია, სადაც შედიან უსახლკაროები და ანთებენ ცეცხლს გასათბობად. იქიდან გადავიდა ცეცხლი შახტაზე. დევნილი ოჯახი ვცხოვრობდით აქ და ახლა თავშესაფარი აღარ გვაქვს. მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი იყო მოსული და დაგვპირდა, ქირით გადაგიყვანთო სადმე.”