ახალი ამბები

შსს-მ “იდენტობის” საჩივარზე გამოძიება დაიწყო

10 იანვარი, 2015 • 885
შსს-მ  “იდენტობის” საჩივარზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დანაშაული ჩადენილი ამ მუხლით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

“იდენტობამ”  8 იანვარს განაცხადა, რომ ორგანიზაციას და მის თანამშრომელს ირაკლი ვაჭარაძეს, რომელიც წლების მანძილზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, განადგურებით ემუქრებიან ამ უკანასკნელის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის 2015 წლის ეპისტოლეს შეეხებოდა.

 

“ირაკლი ვაჭარაძის Facebook გვერდზე გაჩნდა კომენტარები, სადაც პირადად მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით და ორგანიზაციის განადგურებით”.

 

“იდენტობამ”  სამართალდამცავებს მიმართა, რომ უზრუნველეყოთ მათი უსაფრთოება და 8 იანვარს საჩივარი შეიტანა.

 

საჩივარში ორგანიზაცია მიუთითებდა იმ პირებზე, რომლებაც განახორციელეს მუქარა. მათგან ერთ-ერთმა, ლადო სადღობელაშვილმა “იდენტობის” აკრძალვის მოთხოვნით ორგანიზაციის ოფისთან აქცია დააანონსა, თუმცა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ გადაიფიქრა.

 

საპატრიარქომ 9 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ “იდენტობამ” პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯა, რითაც მორწმუნეთა აღშფოთება გამოიწვია. საპატრიარქო მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ “იდენტობასთან” საპროსტესტო აქცია არ ჩაატარონ.

 

მანამდე სამოქალაქო პლატფორმამ “არა ფობიას” და ომბუდსმენმა “იდენტობის” და ირაკლი ვაჭარაძის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე განცხადებები გაავრცელეს და მოუწოდეს სამართალდამცავებს რეაგირებისკენ.

 

“იდენტობის” წინააღმდეგ განცხადება გააკეთა გიორგი გაბედავამაც, რომელიც წარსულში ეწინააღმდეგებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული დღის აღნიშვნას საქართველოში. ის 10 იანვარს “იდენტობის” ოფისთან აქციას გეგმავს.

 

“სამართალდაცავებს მთავარი გამოცდა აქვთ დღეს, რამდენად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას”, – აცხადებს “იდენტობის” ხელმძღვანელი ანა რეხვიაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი