ახალი ამბები

ოთხი “პარტიზანი მებაღის” სასამართლო პროცესი დაიწყო

8 იანვარი, 2015 • 904
ოთხი “პარტიზანი მებაღის” სასამართლო პროცესი დაიწყო

“ხალხის დასწრება მნიშველოვანია, ქალაქში ბევრი მსგავსი უკანონო მშენებლობა იგეგმება და ეს იქნება თავისუფალი მანიფესტაციის წინააღმდეგ სასამართლო. უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ მოქალაქეებს გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი ქალაქი და გარემო. კანონები არ დაგვირღვევია – ბლოკირება არ მომხდარა საკრებულოსი – მას კიდევ 2 შესასვლელი აქვს. ეს მხოლოდ სახელდახელო აქცია იყო”, – წერენ “პარტიზანი მებაღეები” სოციალურ ქსელ “facebook”-ში.

 

„პარტიზანი მებაღეების“ ოთხი წევრი 30 დეკემბერს საკრებულოსთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს.  30 დეკემბერს თბილისის საკრებულო  მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ზონისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს იხილავდა. საკრებულოს სხდომიდან რამდენიმე მოქალაქე გააძევეს, რომლებიც საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ, რადგანაც მათი აზრით ეს “პანორამა თბილისის” პროექტს უკავშირდებოდა. “პარტიზანი მებაღეები” და თბილისის იერსახის სხვა დამცველები “პანორამა თბილისის” პროექტის საჯარო განხილვებს ითხოვდნენ. 


30 დეკემბერს, საკრებულოს სხდომიდან გაძევების შემდეგ,  აქციის მონაწილეებმა საკრებულოს მთავარი შესასვლელი გადაკეტეს, ამის შემდეგ კი სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს.  დაკავებულები პოლიციამ გაათავისუფლა, თუმცა მათ  მათ  ბრალი ედებათ კანონის რამდენიმე მუხლის დარღვევაში -ხულიგნური ქმედება, პატრულისადმი დაუმორჩილებლობა, მანიფესტაციის წესის დარღვევა.

 

სასამართლო პროცესი 31 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო.

 

პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე

 

ერთ-ერთი დაკავებული, ნატა ფერაძე მაშინ აცხადებდა, რომ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტები, თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს.

 

„პარტიზანი მებაღეების“ ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი