ახალი ამბები

“მე ვარ შარლი ებდო” – სოლიდარობის აქცია დღეს თბილისში გაიმართება

8 იანვარი, 2015 • 2257
“მე ვარ შარლი ებდო” – სოლიდარობის აქცია დღეს თბილისში გაიმართება


დღევანდელი აქციის მონაწილეები უერთდებიან სოლიდარობის გლობალურ კამპანიას Je suis Charlie Hebdo/მე ვარ შარლი ებდო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო.


სოლიდარობის აქცია რომში, იტალია© EPA/ANGELO CARCONI
სოლიდარობის აქცია რომში, იტალია© EPA/ANGELO CARCONI


სოლიდარობის აქციის მოწყობა თბილისში სოციალურ ქსელ “facebook”-ის საშუალებით დაიგეგმა.


“ჩვენ ვიზიარებთ ფრანგი ხალხის მწუხარებას პარიზში, 7 იანვარს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლული 12 ადამიანის გამო და ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვისკენ მიმართულ ძალადობას.


8 იანვარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს.


გთხოვთ, მოიტანოთ ყვავილები და სანთლები, რათა პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.


ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა 7 იანვარს, სარედაქციო თათბირის დროს განხორციელდა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი.


თავდასხმამდე Charlie Hebdo-მ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელსაც  ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურა ახლდა. 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.

Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ფრანგ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი