ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამერიკის პენ-ცენტრი ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას მოითხოვს

6 იანვარი, 2015 • 996
ამერიკის პენ-ცენტრი ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკული პენ-ცენტრის წევრი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალი ხალედ ჰოსეინი, რომლის წიგნი “ფრანს ადევნებული” ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანულად თარგმნა, აცხადებს, რომ ძალიან შეწუხებულია ისმაილოვას დაკავების გამო.

“ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ყველაზე წმინდაა წერისა და იდეების გაზიარების თავისუფლება დევნის შიშის გარეშე. თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის შინაარსიანი დიალოგისათვის. აზერბაიჯანის ხელისუფლების არაერთი მცდელობა, წაერთმიათ ხადიჯასთვის ეს თავისუფლება, მის გამბედაობაზე მტყველებს”, – წერს ჰოსეინი.

მისი თქმით, ისმაილოვას დაკავება ლაქად დააჩნდება აზერბაიჯანის საერთაშორისო რეპუტაციას.

 

ხადიჯა ისმაილოვა, ფოტო: რადიო თავისუფლება
ხადიჯა ისმაილოვა, ფოტო: რადიო თავისუფლება



“რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანის სამსახურის რეპორტიორი  და უფლებადამცველი ხადიჯა ისმაილოვა გასული წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში გამოიძახეს საქმეზე, რომელშიც სხვა ჟურნალისტი მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად გასული წლის 10 დეკემბერს თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ისმაილოვას დაკავება გააპროტესტეს.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი