ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

6 იანვარი, 2015 • 1216
აშშ ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისა და ბოლო დღეებში არსებული მსხვერპლის გამო ”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენიფერ პსაკიმ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში დაარეგულირონ.


2015 წლის დაწყებიდან კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ყოველდღიურად ადანაშაულებენ. მთიანმა ყარაბაღის სამხედრო უწყებამ აზერბაიჯანელი სამხედროები 3 იანვრის ღამეს აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე  დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულა. უწყების ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მხარეს დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი სამხედრო პირი.


ოფიციალურმა ბაქომ ეს ინფორმაცია უარყო და ბრალდებას კონფლიქტის ზონაში პროვოკაციების მოწყობის მცდელობის  შესახებ ტყუილი უწოდა. პასუხისმგებლობა ორი ყარაბაღელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხურ მხარეს დააკისრა.


აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი