ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მამსუროვი: შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეპოქალური შანსია

5 იანვარი, 2015 • 1071
მამსუროვი: შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეპოქალური შანსია

თეიმურაზ მამსუროვი
თეიმურაზ მამსუროვი


“შეთანხმება, რომლის პროექტიც განიხილება და მუშავდება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ეპოქალური, ისტორიული შანსია, გადაიდგას დიდი ნაბიჯი რუსეთთან ინტეგრაციის გზაზე. დღეს ჩემი ქვეყანა რუსეთი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში იმის გამო, რომ ყველა მხრიდან აწყვეტილი ძაღლებივით დაგვესხნენ თავს თავიანთი სანქციებით ისინი, ვისაც არ მოსწონს მტკიცე, ძლიერი და ამაყი რუსეთის სახელმწიფო. ამ პირობებში ძალიან რთული იყო გვევარაუდა, რომ ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობა შემოგვთავაზებდა ისეთ დოკუმენტს, რომელიც ფაქტობრივად უზრუნველყოფს წყნარ, ხელსაყრელ მდგომარეობას სამხრეთ ოსეთში, რათა ხალხი დაცული იყოს ყოველგვარი შესაძლო პროვოკაციისგან”, – განაცხადა მამსუროვმა სამხრეთ ოსეთში ვიზიტის დროს.


მისი აზრით, თავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტის პროექტი გაჩნდა, უკვე დიდი მიღწევაა. 


“ეს არის აღიარება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ხედავს, სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი დახმარების ათვისება კეთილსინდისიერად ხდება. ბედნიერი ვიქნები, თუ დოკუმენტი ხელმოწერილი იქნება იმ სახით, როგორც ის რუსეთის ფედერაციამ შემოგვთავაზა”.


დოკუმენტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმაც და  იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულებას ხელი თებერვლის დასაწყისში მოეწერება. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ემზადება ამ დიდი მოვლენისთვის. 

 

“ეს იქნება ღირსშესანიშნავი მოვლენა არა მარტო სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის, არამედ მთლიანად ოსი ხალხისთვის”, – განაცხადა თიბილოვმა.


მსგავსი შეთანხმება რუსეთმა გასულ წელს აფხაზეთთან გააფორმა. რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის, მათ შორის გაერთიანებული სამხედრო ჯგუფების შექმნას, რომლებიც დაექვემდებარებიან გაერთიანებულ მეთაურობას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს  აფხაზეთისთვის სოციალური სტანდარტების ამაღლების უზრუნველყოფას, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფას, სამედიცინო და სოციალურ დაზღვევას, ხელფასების ზრდას და ასე შემდეგ.


ოფიციალური თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებულ შეთანხმებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიად აფასებს. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების საკითხს 23 დეკემებერს საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა.


“საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი