ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო: “ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია

22 დეკემბერი, 2014 • • 2038
კულტურის სამინისტრო: “ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია

კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამუშაოები მხოლოდ მაშინ გაგრძელდება, როდესაც დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია სრულად შეისწავლის არსებულ ობიექტს. რაც შეეხება უკვე დაზიანებულ ნაწილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კანონის დარღვევის ფაქტზე შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

განცხადება გაავრცელა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-13 მუხლი ლიცენზიანტს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები კულტურული ან არქეოლოგიური ღირებულების ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში.

 

აგარა-ზემო ოსიაურის და რუისი-აგარას გზის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს დაიცვას კანონი  ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” და სამშენებლო სამუშაოების დროს კულტურული მემკვიდრეობის/არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტოს საქმიანობა და აცნობოს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, აცხადებს სამინისტრო.

 

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ეხება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას ,,დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ” სახელმწიფო ორგანოებს.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ირწმუნება, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სალიცენზიო ფართობი შეამოწა და დაადგინა, რომ სარგებლობა ხორციელდებოდა ლიცენზიის პირობების, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის საფუძველზეც წიაღით მოსარგებლეს აეკრძალა საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელება კომპეტენტური ორგანოს დადებითი დასკვნის გარეშე.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალთან კარიერის გათხრების დროს ქარელის რაიონში “ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტი აღმოჩნდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ განუცხადა, რომ ნამსოახლარი 6000 წლის წინანდელია.

ბერიკლეების ნამოსახლარი  ქარელის რაიონში
ბერიკლეების ნამოსახლარი ქარელის რაიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი