ახალი ამბები

პრემიერი საყდრისზე: 3000 ოჯახის კეთილდღეობა, თუ სტერილური არქეოლოგიური ობიექტი

20 დეკემბერი, 2014 • • 1492
პრემიერი საყდრისზე: 3000 ოჯახის კეთილდღეობა, თუ სტერილური არქეოლოგიური ობიექტი

“მე არ მახსენდება ამ წლების განმავლობაში, ვიღაცას ეთქვა, ეხსენებინა საყდრისი-ყაჩაღიანი. ეს იყო რაღაც ვიწრო ჯგუფის მიერ გამოჩენილი რაღაც ინტერესი, რომელსაც ჰქონდა მოძიებული გრანტი ერთი მილიონი ევროს ოდენობით. ასევე ჩემი ინფორმაციით, რაც მე მითხრეს, დამატებით ელოდებიან გრანტს, რომ გაეგრძელებინათ. ეს ყველაფერი კარგია. არქეოლოგიაც კარგია, კულტურული ძეგლიც კარგია. მაგრამ ერთ მხარეს არის 3000 ოჯახის შენახვა, მათი კეთილდღეობა და მეორე მხარეს, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მე მივმართავ საზოგადოებას, რომელიც გვირჩევნია, რომ 3000 ოჯახი და ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთლიანად მიბმულია ამ კომპანიაზე, ეს გადავარჩინოთ, თუ შევინახოთ, არაფერში გამოგვადგეს ეს არქეოლოგიური ობიექტი,”- ეს განცხადება პრემიერმა დღეს, 20 დეკემბერს სამტრედიაში ყოფნის დროს მედიასთან გააკეთა. 


კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის მაღარო 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.


მასალების გადაბეჭდვის წესი