ახალი ამბები

თბილისის საკრებულო ქუჩებს მოღვაწე ქალების სახელებს უწოდებს

16 დეკემბერი, 2014 • • 1679
თბილისის საკრებულო ქუჩებს მოღვაწე ქალების სახელებს უწოდებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ამბობს, რომ საკრებულო მიზნად ისახავს ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები უწოდოს უსახელო ქუჩებს, რომლებიც თბილისის ახლად განვითარებულ უბნებში მდებარეობენ.

 

კომისიის თამჯდომარე ამბობს, რომ აეროპორტის დასახლებაში, დიღმის ტერიტორიაზე, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე წმინდა ბარბარეს დასახლებაში არსებობს უსახელო ქუჩები, რომლებსაც ქალების სახელები მიენიჭება. ლია ჯახველაძის თქმით, საკრებულო გაზაფხულზე პრეზენტაციას გამართავს და ანგარიშს წარადგენს მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ:

 

“ვნახავთ, როგორ იქნება წლევანდელი წელი. შემდეგ 50-საც მოვიძიებთ, ალბათ, ღმერთის წყალობით საქართველოს არ აკლია ღირსეული ქალები.”


ლია ჯახველაძე ამბობს, რომ თბილისის საკრებულოს 2006-2007 წლებში არც ერთი ქუჩისთვის არ მიუნიჭებია ქალი მოღვაწის სახელი. კითხვაზე, თუ რატომ ჩამოყალიბდა ასეთი პრაქტიკა, ჯახველაძე უყურადღებობას ასახელებს მიზეზად. მისი თქმით, თბილისში 3500 ქუჩაა, საიდანაც 1200-ს პიროვნების სახელი აქვს მინიჭებული.

თბილისის ქუჩების დასახელების გენდერული დისბალანსი |Create infographics

“ამას არავინ დაკვირვებია. არა მგონია, ვინმე ყოფილიყო, რომ მაინცდამაინც მამაკაცის სახელი რქმეოდა. უყურადღებობის მომენტი უფროა. ამიტომ უყურადღებობაში კიდევ რომ არ გადავერთოთ, ვალდებულება ავიღეთ ხელმოწერით, რომ ჩვენ აუცილებლად დავარქმევთ 50 ქალის სახელს ერთ წელიწადში”, – ამბობს ლია ჯახველაძე.

 

ლია ჯახველაძის თქმით, ამით საკრებულო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობას გამოეხმაურა და თავისი სათქმელი თქვეს თანასწორობისა და ქალთა როლის შესახებ. რაც შეეხება იმ ქალ მოღვაწეებს, რომელთა სახელებს დაარქმევენ უსახელო ქუჩებს, ამას ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო შესთავაზებს თბილისის საკრებულოს.

 

ბიოლის ფონდის წარმომადგნელობასა და თბილისის საკრებულოს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა, რომლითაც საკრებულომ ვალდებულება აიღო, რომ ბიოლოს ფონდის პროექტის “50 ქალი საქართველოდან” ფარგლებში შერჩეული ქალების სახელებს უწოდებს უსახელო ქუჩებს.

 

ბიოლის ფონდის პროექტი “50 ქალი საქართველოდან” 2012 წელს დაიწყო. მკვლევარებმა შეისწავლეს და იკვლიეს 50 საზოგადო მოღვაწე ქალის ბიოგრაფიები, რომელიც საკონვერტო ბარათებად გამოიცა.

 

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროგრამების კოორდინატორის, ეთუნა ნოღაიდელის თქმით, მათ პროექტში შესული 50 მოღვაწე ქალიდან 14 ქალის სახელი უკვე ჰქვია თბილისის ქუჩებს. ნოღაიდელის თქმით, ბიოლის ფონდი გააგრძელებს თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას და კიდევ სხვა მოღვაწე ქალების ბიოგრაფიების მოძიებას, რაც მისი თქმით, რთული საქმეა.

 

ეთუნა ნოღაიდელი ამბობს, რომ გენდერულად სენსიტური პოლიტიკის შემუშავება ფონდის იდეაა, რომელიც თბილისის საკრებულოს შესთავაზა. ფონდი აპირებს, რომ მსგავსი პროექტი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელოს. ეთუნა ნოღაიდელის თქმით, მსგავსი პროექტი არის პატივის მიგება იმ ქალებისთვის, რომლებმაც ღვაწლი გასწიეს.

 

“ეს არის პატივის მიგება ადამიანისთვის, რომელმაც ღვაწლი გასწია. შესაბამისად, ხდება ოფიციალური ისტორიის შექმნა, ადამიანებს ან ვიმახსოვრებთ, ან არ ვიმახსოვრებთ”, – ამბობს ეთუნა ნოღაიდელი.

 

ბიოლის ფონდს იდეა ევროპული მაგალითის გათვალისწინებით გაუჩნდა. ეთუნა ნოღაიდელის თქმით, ევროპაშიც დისბალანდია ამ კუთხით, თუმცა არსებობს პოლიტიკა, რომ ეს გასწორდეს და ბალანსი იყოს დაცული.

თბილისი
თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი