ახალი ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ინტელექტკლუბის წევრის დისკვალიფიკაციას ითხოვს

16 დეკემბერი, 2014 • • 4866
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ინტელექტკლუბის წევრის დისკვალიფიკაციას ითხოვს

“გთხოვთ, მოხდეს ანდრო სოლოღაშვილის დისკვალიფიციკაცია საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის თამაშებიდან, ან, კლუბის შინაგანაწესის შესაბამისად, მიიღოთ სხვა სათანადო ზომები”, – წერს ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია განცხადებაში, რომლის ადრესატი “ინტელექტკლუბის” პრეზიდენტი გიორგი მოსიძეა.

 

ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას, პატივს ვცემთ ადამიანის ნებას და პრინციპებს, თუმცა ვთვლით, რომ ანდრო სოლოღაშვილის პოსტი ცდება ყოველგვარ საზღვარს და ლახავს სხვა ადამიანების უფლებებს, აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოეხმაურა საქართველოს ინტელექტკლუბის წარმომადგენლის, ირინა ფრუიძის ექვსეულის წევრის, ანდრო სოლოღაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე 2014 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სოლოღაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს 25 ნოემბერს ჩატარებულ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

სოლოღაშვილი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, მთლიანად ქალთა მოძრაობის იდეას და ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლ ქალებს, არამედ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ღირებულებებს, მიაჩნია ქალთა საინფორმაციო ცენტრს.

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის აზრით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 25 ნოემბრის აქციას ბევრი მათგანი შეუერთდა, ინტელექტკლუბის წარმომადგენლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ხოლო ანდრო სოლოღაშვილის არაკორექტული განცხადება არა მხოლოდ ინტელექტკლუბის პრესტიჟს აყენებს ჩრდილს, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასაც, რომელიც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. უმნიშვნელოვანესია მათი დამოკიდებულება, ვისაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია 2014 წლის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს 23 ქალაქში გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობას გაემიჯნენ. 25 ნოემბერს დაიწყო 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი