ახალი ამბები

საყდრისის დამცველები კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან

15 დეკემბერი, 2014 • • 1256
საყდრისის დამცველები კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან

სამინისტროს შენობაში საყდრისის 3 დამცველი შევიდა: ნანა ყიფიანი, თეა ტაბატაძე და გიორგი გოგოჭური. მათი განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი ის დოკუმენტი იქნება, რის საფუძველზეც კომპანია არ-ემ-ჯის საყდრისში მიწის სამუშაოების განახლების საშუალება მიეცა.

 

კულტურის სამინისტროში შეხვედრაზე შესვლა ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენევასა და სოფო კილასონიასაც სურდათ, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს პერტენევამ უთხრა, ისინი “იმ სიაში” ვერ აღმოჩნდნენ, რომლის საფუძველზეც სამინისტროში საყდრისის დამცველები შევიდნენ. შენობაში შესვლა ვერ მოახერხა სალომე ჭანტურიძემაც, რადგან ზემოხსენებულ სიაში მისი გვარი შეცდომით იყო მითითებული.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია “მგორავი ქვები საყდრისიდან” მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეები საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების შეჩერებასა და იქ არქეოლოგიური კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ.

აქცია
აქცია ‘მგორავი ქვები საყდრისიდან’ კულტურის სამინისტროს წინ 15.12.2014

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი