იურისტი: უცნობია, აქვს თუ არა არემჯის საყდრისში მიწის სამუშაოების წარმოების ნებართვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე ამბობს, რომ  უცნობია, აქვს თუ არა კომპანია “არემჯის” საყდრისში მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების ნებართვა.

იურისტის თქმით, “არემჯის” გუშინ გავრელებულ განცხადებაში  მსგავსი ნებართვის არსებობის შესახებ საუბარი არ არის.

 

“ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მოვიპოვეთ, არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 12 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საყდრისს ჩამოერთვა კულტურული მენმკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ძეგლის სტატუსის მოხსნა არ ნიშნავს, რომ კომპანიამ მიიღო მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება. სააგენტოს უნდა გამოეცა ცალკე ბრძანება ამის შესახებ, რაც იმ განცხადებაში, რომელიც “არემჯიმ” გუშინ გამოაქვეყნა, არ ჩანს. შესაბამისად, უცნობია რის საფუძველზე დაიწყო იქ სამუშაოები. საყდრის-ყაჩაღიანი დღემდე ინარჩუნებს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს და არქეოლოგიურ ობიექტს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მართალია, დაბალი სტანდარტით, მაგრამ მაინც იცავს კანონი.  თუკი სააგენტომ ცალკე არ გასცა ბრძანება, რომელიც იქ სამუშაოების დაწყების ნებას რთავს, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს კომპანია, არის კონფლიქტში კანონთან”,-ამბობს სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით,  სამართლებრივი დავა შეიძლება წავიდეს ორი მიმარ»თულებით- ერთია სააგენტოს ადმინისტრაციული ბრძანების გასაჩივრება კულტურის სამინისტროში, რითაც ძეგლის სტატუსი მოუხსნა საყრდისს, მეორე -სასამართლო დავა, იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოების დაწყების ნებართვის არსებობა არ დადასტურდება. სალაძის განცხადებით, ამას არა მხოლოდ სამართლებრივი, ასევე თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობაც შეიძლება მოჰყვეს.

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა.ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

დღეს, 14 დეკემბერს სამუშაობის განახლება კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს, აქციის მონაწილეები აქციის გამართვას გეგმავენ საყდრისშიც.

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი