ახალი ამბები

დღეში 3 ლარი პატიმრის კვებისთვის

8 დეკემბერი, 2014 • 2528
დღეში 3 ლარი პატიმრის კვებისთვის

ამ თანხაში შედის იმ კომპანიის მოგებაც, რომელიც ციხეებს საკვებით უზრუნველყოფს. უცნობია, 3 ლარიდან რამდენი პროცენტია კომპანიის მოგება და უშუალოდ რამდენი იხარჯება პატიმრების საკვების შესყიდვაზე.  

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთპიროვნული და მუდმივი პარტნიორი „ციხეების გამოკვების“ საქმეში კომპანია G.M.M.-ია. ელექტრონულად გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ კომპანიამ სამინისტროსგან 33 693 114 ლარის დაკვეთა მიიღო. 2013 წელს ეს დაკვეთა იყო 18 752 414 ლარი, ხოლო 2014 წელს 14 940 700 ლარამდე შემცირდა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია G.M.M.-ი 2012 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანიის წილების 100-ვე პროცენტის მფლობელი და დირექტორი ერთი პირი – მანუჩარ გუნთაიშვილი იყო. 2013 წლის 26 ივნისს, მანუჩარ გუნთაიშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანია G.M.M.-ში წილების 70%-ის მფლობელი და ამავდროულად კომპანიის დირექტორი ხდება ვახტანგ გაგნიძე. ხოლო დარჩენილი 30%-სა და დირექტორობის უფლებას მანუჩარ გუნთაიშვილიც ინარჩუნებს.

 

მოცემულ ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში შედგენილ დოკუმენტებში მანუჩარ გუნთაიშვილი წერს, რომ ვახტანგ გაგნიძეს კომპანიის „წილი გადასცა უსასყიდლოდ და საკუთრების უფლებით“. ამ პერიოდისთვის, ანუ 2 თებერვალს მანუჩარ გუნთაიშვილს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან რამდენიმე მილიონის ტენდერი უკვე ჰქონდა მოგებული. სატენდერო ხელშეკრულებასაც ხელს სწორედ თვითონ აწერს და არა წილების 70%-ის მფლობელი ვახტანგ გაგნიძე.

 

რატომ გადაწყვიტა მანუჩარ გუნთაიშვილმა უსასყიდლოდ დაეთმო წილები ისეთ კომპანიაში, რომელმაც სახელმწიფოსგან მილიონების დაკვეთა მიიღო? – ამ საკითხზე მანუჩარ გუნთაიშვილის პოზიცია ასეთია: „ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავის ვუთანხმებ ჩემს გადაწყვეტილებას. მე შემიძლია ჩემი წილი გავყიდო, გავაჩუქო… პრობლემა არ იქნება, ამით კანონს არ დავარღვევ“.

 

კითხვაზე, ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღო, რომ მის პარტნიორს შესაძლოა უფრო მეტი გამოცდილება აქვს „ციხეების გამოკვებასთან“ დაკავშირებით აღებული ვალდებულების ნაწილში, მანუჩარ გუნთაიშვილი პასუხობს, რომ – არა, რადგან ამ გარიგებას სასჯელაღსრულების მიერ გამოცხადებულ ტენდერთან კავშირი არ აქვს.

 

რაც შეეხება უშვალოდ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს – სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელს, ტენდერებში კომპანია G.M.M.-ს კონკურენტები არ ჰყოლია. შესაბამისად, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის სულ ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა.

 

2014 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ერთ-ერთი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფომ G.M.M.-ს 6 389 382 ლარი გამოუყო თბილისში არსებულ ექვს დაწესებულებასა (7,8,9,11,12,18 დაწესებულებები) და მცხეთაში არსებული ორ (15,19) დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გამოსაკვებად. დოკუმეტნების მიხედვით ასევე ისიც ირკვევა, რომ ამ თანხით სულ 5100 პატიმარი უნდა გამოიკვებოს. ასევე დოკუმენტის მიხედვით დადასტურებულია, რომ რვავე დაწესებულებაში განთავსებული თითოეული პატიმრისთვის დღეში 3 ლარი და 70 თეთრია გათვალისწინებული დღგ-ს ჩათვლით.

 

სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გამოყოფილი თანხა ამ დაწესებულებებში სამხედროების, ანუ გარე დაცვის კვებას არ მოხმარდება.

 

14 თებერვალს კიდევ ერთი, 284 700-ლარიანი დაკვეთა მიიღო კომპანია G.M.M.-მა, ამჯერად ბათუმის მე-3 დაწესებულებაში განთავსებული 250 პატიმრის გამოსაკვებად. ამ დაწესებულების პატიმრებისთვის ყოველდღიურად, დღგ-ს ჩათვლით, 3 ლარი და 58 თეთრია გათვალისწინებული. შესაბამისად, ბათუმის ციხეში მოთავსებულ პატიმრებზე სახელმწიფო 19 თეთრით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სხვა დაწესებულებებში შესახლებულ პატიმრებზე. რატომ? – მიზეზის გარკვევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა („ბათუმელების“ ინფორმაციით, მე-3 დაწესებულების რიგით თანამშრომლებს, ყოველთვიურად, ხელფასზე 45 ლარი ემატებათ საკვებისთვის, ანუ სადღეღამისო მორიგეობის რეჟიმში დასაქმებულ თანამშრომლებს საკვები ციხეში გარედან შეაქვთ).

 

 

14 თებერვალს, სახელმწიფოსა და G.M.M.-ს შორის გაფორმებული ერთ-ერთი ხელშეკრულება კი, რომლის ღირებულებაც 3 460 000 ლარია, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებული დაწესებულებების (მე-2 და მე-14 დაწესებულებები) საჭიროებების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა „სოფელ გეგუთში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების და გარე დაცვის სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვასაც“.

 

ხელშეკრულების მიხედვით, პატიმრების გამოკვებაზე კვლავაც დღეში 3 ლარი და 70 თეთრი იხარჯება, ხოლო სამხედროების გამოკვებაზე – 5 ლარი და 90 თეთრი, ამ შემთხვევაშიც დღგ-ს ჩათვლით.

 

14 თებერვალს გაფორმებული კიდევ ერთი ხელშეკრულება ხუთ მილიონ ლარზეა გაფორმებული. ეს თანხა რუსთავის ორ (მე-16 და მე-17 დაწესებულება) და გარდაბნის ასევე ორ (მე-5 და მე-6 დაწესებულება) დაწესებულებაში შესახლებული პატიმრების გამოკვებაზე იხარჯება. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს „გარე დაცვის სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მომსახურეთა კვებით მომსახურებას“.

 

ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პატიმრებისთვის 3 ლარი და 77 თეთრია გათვალისწინებული, სამხედროებისთვის – 6,4 ლარი, ხოლო სპეცრაზმის წევრებისთვის – 8,25 ლარი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სპეცრაზმში 153 პირი ირიცხება, ხოლო ჯარისკაცების რაოდენობა 350-ია.

 

მანუჩარ გუნთაიშვილი, კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ პატიმრებისთვის გათვალისწინებული საკვების რაოდენობა სახელმწიფოს მკაცრად აქვს განსაზღვრული: „ულუფის ზომა და გრამობა – დავუშვათ პური რამდენი გრამი უნდა იყოს, მარილი – რამდენი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად არის დადგენილი. ეს არის კანონი, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერც ერთ გრამს მოვუმატებთ და ვერც ერთ გრამს დავაკლებთ. ეს დაკანონებული ნორმაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ულუფა გავზარდოთ ან შევამციროთ“.

 

მანუჩარ გუნთაიშვილის თქმით, მას არაფერი გაუგია იმ პროტესტის შესახებ, რომელიც მე-8 და მე-3 საპატიმრო დაწესებულებებში აქვთ პატიმრებს, განსაკუთრებით საკვების ულუფის ზომების შემცირებისა და ხარისხის გამო. მე-3 დაწესებულების პატიმრები კი განსაკუთრებით ცუდად გამომცხვარი პურის გამო ჩივიან. პატიმრების ამ ჩივილის შესახებ ინფორამციას, მანუჩარ გუნთაიშვილი არ იზიარებს: „მე არ ვიცი, თქვენ ვინ გითხრათ ეს ინფორმაცია, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ზუსტი მისამართი, მაგალითად ბათუმში, სადაც პატიმრებისთვის პური ცხვება და შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ რა პირობებში ცხვება პური. ერთ-ერთი საუკეთესო ქარხანაა აჭარაში“.

 

რამდენად შესაძლებელი და ნორმალურია 3 ლარად, სამჯერადად გამოკვებო დღის განმავლობაში პატიმარი და თან მოგება გქონდეს? – ამ კითხვის პასუხად მანუჩარ გუნთაიშვილი ამბობს, რომ თანხა უფრო მეტია: „ვერ ვიტყვით, რომ სამი ლარია. სატენდერო დოკუმენტებში სხვა რამეა განთავსებული. ეს ღია ინფორმაციაა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ“.

 

რამდენად ხერხდება ტენდერის პირობებით გათვალისწინებული თანხით პატიმრებისთვის უსაფრთხო და საკმარისი ულუფის მიწოდება? – ამ კითხვის პასუხად მანუჩარ გუნთაიშვილი შემდეგს აცხადებს: „მე ვიცი და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ შესაძლებელია ამ თანხით პატიმრების გამოკვება. ეს არის ბიზნესი, ამ ბიზნესში შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო. ის, რაც არის სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი, უნდა დააკმაყოფილო, თორემ არის უამრავი სანქცია, ჯარიმები. მნიშვნელობა არ აქვს კომპანიას მეტი მოგება ექნება თუ ნაკლები. მთავარია, გაკეთდეს ის ხარისხი, რაც დადგენილია. ჩვენ ეს დაცული გვაქვს.

 

აქვე ვიტყვი, რომ არის პერიოდი, როცა კომპანია მოგებაზე მიდის, არის პერიოდი, როცა კომპანია ზარალზე მუშაობს, ანუ შეიძლება მოგება ვერ ნახო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ერთთვიანი პროცესი არ არის, ეს ერთწლიანი პროცესია. არის პერიოდი, როდესაც ფასები ვარდება და არის პერიოდი, როდესაც ფასები იწევს. ბიზნესი ცოტა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რისკებიც გონივრული უნდა იყოს. გონივრულ რისკზე როცა მიდიხარ, რაღაც გათვლები უნდა გქონდეს ნებისმიერ კომპანიას. დავუშვათ, სიტყვაზე, დღეს რა ღირს კარტოფილი და რა ეღირება ზაფხულში, აი ამის მიხედვით უნდა გამოიყვანო საშუალო.

 

ერთსაც გეტყვით – ახლა რომ კვებაა ციხეებში, ეგეთი კვება თავისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ, რომ იცოდეთ. ყველა ნორმა დაცულია. ამ ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი არ მოწამლულა. სახლში გაკეთებული საჭმლით იწამლება ხალხი და ციხეში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია“.

ბათუმის მესამე საპყრობილე
ბათუმის მესამე საპყრობილე

 

სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების კვებაზე ერთგვარ მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატში არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი ახორციელებს. ჯგუფები მოულოდნელობის ეფექტით შედიან დაწესებულებებში და აკვირდებიან საკვების ხარისხს. ამ მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი თავის წლიურ ანგარიშში ასახავს, მანამდე კი „ბათუმელებს“ პირად საუბარში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, რომ პატიმრების ჩივილი, ძირითადად, ულუფის სიმცირესა და საპატიმრო დაწესებულებებში განთავსებულ მარკეტების ნახევრად ცარიელ დახლებს უკავშირდება.

 

ორივე პრეტენზიის ადრესატი, როგორც უკვე აღნიშნულია სტატიაში, არის კომპანია G.M.M.-ი. სწორედ მასვე მისცა სახელმწიფომ ექსკლუზიურად უფლება სამზარეულოებთან ერთად ციხეებში განთავსებული მარკეტებიც მოამარაგოს სასურსათო პროდუქტებით. (პატიმრებს აქვთ უფლება, პირადი თანხით შეივსონ მენიუ, ანუ არსებული მენიუსგან განსხვავებული საკვები იყიდონ მარკეტში). არადა პატიმრები ამბობენ, რომ, მაგალითად, მარკეტში არ იყიდება პური. მათი თქმით, გაცილებით მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობდა პატიმრებს კომპანია “გუდვილი”, რომელიც წინა წლებში ამარაგებდა საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მარკეტებს, ვიდრე კომპანია G.M.M.-ი. ამ ჩივილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სახალხო დამცველის ოფისშიც, თუმცა კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი მანუჩარ გუნთაიშვილი არც ამ მოსაზრებას იზიარებს:

 

„ჩვენ ხომ ვიცით „გუდვილის“ მონაცემები. შემიძლია გითხრათ, რომ ბრუნვაც და რეალიზაციაც უფრო მეტი ჩვენ გვაქვს, ვიდრე ჰქონდა „გუდვილს“. უბრალოდ, არის რაღაცები, რაც შეიძლება მარკეტში გაიყიდოს და არის რაღაც, რაც არ შეიძლება მარკეტში გაიყიდოს. ეს ჩვეულებრივი მარკეტი არ არის“.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით 2013 წელს პატიმრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის 10 ათასით შემცირდა და მათი რაოდენობა 9 011-მდე ჩამოვიდა. 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, პატიმრების რაოდენობა 10 500-მდეა (მონაცემები „ბათუმელებს“ სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოაწოდა).

 

პატიმრების რეკორდული რაოდენობა საქართველოში დაფიქსირდა 2012 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში. მაშინ საქართველოს ციხეებში 23 ათასზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა. 2012 წლის ბოლო სამ თვეში პატიმრების რაოდენობის კლების ტენდენცია მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც პოლიტიკაში შემოსვლაზე განცხადება მანამდე უჩინარმა მილიარდერმა და ახლა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი