ახალი ამბები

„სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას“ — პარლამენტარი ხულორდავა ვასაძის მოწოდებებზე

17 ივნისი, 2019 • 2475
„სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას“ — პარლამენტარი ხულორდავა ვასაძის მოწოდებებზე

პარლამენტის წევრი მმართველი „ქართული ოცნებიდან“, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძის მოწოდება, თვითორგანიზებულმა დაჯგუფებებმა თბილისის ქუჩებში პატრულირება დაიწყონ, არის „დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება“.

ხულორდავამ ფეისბუკზე დაწერა, რომ „ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია“ და „სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას“.

თუმცა ჯერჯერობით ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო ან დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს ვერის ბაღში საჯარო განცხადებებზე.

ვასაძემ მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“.

საქართველოს კანონმდებლობით, კერძოს სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო ფორმირებების შექმნა/მასში გაწევრება ისჯება.

მოგვიანებით ვასაძემ ახსენა ქვიარ აქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობა, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროებისგან ჰქონდა;

ვასაძემ „ტუტუცი“ უწოდა ერთ-ერთ „უცხოელ ელჩს“ — თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელს — და მასაც დაემუქრა: „თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა. მივაბრძანებთ თავის საელჩოში“. მანამდე ვასაძემ ვერის ბაღიდან ინგლისურ ენაზე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამ მიმართვაში აშშ-ის საელჩოს „ჭაობი“ უწოდა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ორივე უწყებას — შსს-სა და სუს-ს კითხვით, დაიწყო ან დაიწყება თუ არა ვასაძის განცხადებებზე გამოძიება. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი