ახალი ამბები

ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის — „ევროპული საქართველო“ ვასაძის მოწოდებებზე

17 ივნისი, 2019 • 893
ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის — „ევროპული საქართველო“ ვასაძის მოწოდებებზე

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“ ლევან ვასაძის 16 ივნისის განცხადებებს უწოდებს უკანონო ქმედებისკენ მოწოდებებს, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. „ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა“, — აცხადებს პარტია.

„ხელისუფლების უმოქმედობა, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა. ბოლო დღეებში ამ ჯგუფებმა უკვე არაერთხელ იძალადეს ან სცადეს ძალადობა საქართველოს სხვა მოქალაქეებზე“, — წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიის განცხადებით, ლევან ვასაძე და ამ ჯგუფის სხვა ლიდერები ღიად და დაუფარავად საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულების დაორგანიზების შესახებ და სხვებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. „ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კი მტრული სახელმწიფოს ინტერესებშია. ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონტიტუციური წესრიგის მოშლა“, — აცხადებს „ევროპული საქართველო“.

ვასაძემ 16 ივნისს საღამოს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ამ განცხადებას თბილისის პრაიდიც გამოეხმაურა. „პრაიდის“ თანახმად, მისი განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს.

ჯგუფის შეფასებით, სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

  • ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს (“ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ”) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144),
  • ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ,
  • ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა,
  • რეალური და მყისიერი საფრთხე სახეზეა.

ნეტგაზეთი უკვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყება თუ არა ვასაძის განცხადებაზე გამოძიება და გამოკითხავენ თუ არა მას 16 ივნისის საღამოს საჯარო გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი