ახალი ამბები

ვენის პრაიდმა, 500 000–მდე მონაწილით, ახალი რეკორდი მოხსნა: ORF

16 ივნისი, 2019 • 2146
ვენის პრაიდმა, 500 000–მდე მონაწილით, ახალი რეკორდი მოხსნა: ORF

ავსტრიის დედაქალაქმა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტ პრაიდს უმასპინძლა. ორგანიზატორებისა და ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის(ORF) თანახმად, ვენის პრაიდზე 500 000–მდე ადამიანი მივიდა. წელს ღონისძიება “ევროპრაიდის” ნაწილი იყო, რომელიც ყოველწლიურად, ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

მრავალათასიანმა კოლონამ, რომლის სიგრძეც ორ კილომეტრს აღწევდა, ქალაქის მთავარი ქუჩები მუსიკისა და რიგი გასართობი აქტივობების ფონზე გაიარა, დღის ბოლოს კი ავსტრიელი მომღერლის, კონჩიტა ვურსტის კონცერტზე მოიყარა თავი. პრაიდის მონაწილეებმა, ტრადიციისამებრ, წუთიერი დუმილით წელსაც მიაგეს პატივი იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც შიდსით დაიღუპნენ ან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს შეეწირნენ.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვენის პრაიდის მონაწილეებს სიტყვით არაერთმა პოლიტიკოსმა მიმართა. მათ შორის იყვნენ ავსტრიის ყოფილი ფედერალური პრეზიდენტი ფაინც ფიშერი, ასევე ოპოზიციური პარტიების – “სოციალ–დემოკრატების”, “მწვანეებისა” და ლიბერალური “NEOS”-ის წარმომადგენლები.

ღონისძიების მასშტაბურობის გარდა, ვენის პრაიდი წელს სხვა მიზეზის გამოც იყო ისტორიული: მონაწილეებს სიტყვით პირველად მიმართა ქვეყნის მოქმედმა ფედერალურმა პრეზიდენტმა. ალექსანდერ ვან დერ ბელენის სიტყვას, რომლითაც მან ხაზი გაუსვა ლგბტ ადამიანების თანასწორუფლებიანობას საზოგადოების სხვა წევრებთან მიმართებით, განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.

ევროპრაიდი ვენაში. ფოტო: STRINGER

“ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი, ასევე ქვიარ ადამიანები, ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ და ისინი კვლავ დარჩებიან ხილვად, დაფასებულ, ინტეგრირებულ ნაწილად ამ საზოგადოებისა”, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ლგბტ მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობაა, რომელიც არათუ ერთი კონკრეტული ჯგუფის, არამედ ყველა ადამიანის თანასწორობას მოიაზრებს.

პრაიდის ორგანიზატორებმა, ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად ლგბტ თემის ახალგაზრდა წევრების ხილვადობას გაუსვეს ხაზი.

“ისინი ხედავენ, რომ მარტონი არ არიან და ათობით ათასი უჭერს მხარს”, – აღნიშნეს მათ.

შემდეგი ევროპრაიდი, 2020 წელს, თესალონიკში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი