ახალი ამბები

განსაკუთრებით აქტიურია თემებში, რომლებიც ქვეყნის დემოგრაფიის განვითარებას ეხება – ჯაში ვასაძეზე

15 ივნისი, 2019 • 1094
განსაკუთრებით აქტიურია თემებში, რომლებიც ქვეყნის დემოგრაფიის განვითარებას ეხება – ჯაში ვასაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა თავიდან უნდა იყოს აცილებული და დღის წესრიგი აგრესიისგან უნდა გათავისუფლდეს.

“მთავარი არის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შეზღუდავს როგორც ადამიანის უფლებებს, ისე მათი თავისუფალი გამოხატვის უფლებას. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის გამოსავალი, რომელიც არის მოსაძებნი, დიალოგის ფორმატში მოვძებნოთ და გავათავისუფლოთ სივრცე აგრესიისგან და დაპირისპირებისგან”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, იცნობს თუ არა ჰომოფობიური კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლევან ვასაძეს და რას შეიძლება უკავშირდებოდეს მისი გააქტიურება, ჯაშმა უპასუხა:

“ვერ გეტყვით. ბატონ ლევანს პირადად შევხვედრივარ საზოგადოებრივი შეკრებების ფორმატში, თუმცა, ვაკვირდებით, რომ ბატონი ლევანი პრაქტიკულად ყოველწლიურად არის აქტიური სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხში, განსაკუთრებით იმ თემებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიის განვითარების ხელშეწყობას. რელიგიური საკითხები მისთვის ყოველთვის იყო საინტერესო. კონკრეტულად ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს”.

ლევან ვასაძე გუშინ, 14 ივნისს, კანცელარიის წინ, იმ აგრესიულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც თბილისის პრაიდის ორგანიზატორებსა და მათ მხარდამჭერებს აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალება არ მისცა. დღეს, 15 ივნისს, ვასაძე ღიად დაემუქრა როგორც პოლიციას, ისე ლგბტ თემს.

“ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ”, – თქვა მან და ვერის პარკში აქციაც დააანონსა, სადაც მხოლოდ კაცები მიიწვია.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 10-მდე მათგანი დააკავეს.

ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც:  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტსაც, TV პირველის რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, გვიან ღამით დაიშალნენ.  გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან საჯარო სივრცის დათმობას და პრაიდის ჩატარებაზე არც იმას, რომ პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნდებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი