ახალი ამბები

საქართველოს ანგლიკანური თემის სოლიდარობა ლგბტ ადამიანებს

15 ივნისი, 2019 • 2420
საქართველოს ანგლიკანური თემის სოლიდარობა ლგბტ ადამიანებს

საქართველოს ანგლიკანური თემი ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს. შესაბამისი განცხადება თემის ფეისბუქ გვერდზე 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროცესების პარალელურად განთავსდა.

“დიახ, ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს ლგბტქ ადამიანთა სრულ თანასწორობას!
დიახ, ჩვენი ეკლესია უკვე წლებია აკურთხებს ერთნაირსქესიან წყვილებს!
დიახ, ჩვენი ეკლესია მუდმივად იქადაგებს, რომ სიყვარული სიყვარულია!
დიახ, ჩვენი ეკლესია მუდამ იქნება თქვენს გვერდით, ვისაც გშიათ, გწყურიათ და ვინც ჩაგრულნი ხართ თქვენი ღვთისგან ბოძებული იდენტობის გამო!
იესოს უყვარხართ?ამიტომაც არ ძალგვიძს არ გვიყვარდეთ ჩვენ”, – წერია განცხადებაში.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ არ დაიშლებოდნენ მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

ჰომოფობიური კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი აგრესიულ და ძალადობრივ ქმედებებს: ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარა ლგბტ აქტივისტების მიმართ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი მიმართულებით. მოგვიანებით, ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რა დროსაც 10-მდე მათგანი დააკავეს.

ჯგუფი აგრესიით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართაც:  ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტსაც, TV პირველის რეპორტიორს კი ერთ-ერთი მათგანი ხელით შეეხო.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, გვიან ღამით დაიშალნენ.  გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს მათი მხრიდან საჯარო სივრცის დათმობას და პრაიდის ჩატარებაზე არც იმას, რომ პრაიდის ჩატარებაზე უარს ამბობენ. თაბაგარის თქმით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს უბრუნდებიდან და პრაიდის კვირეულის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ორშაბათიდან გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი