ახალი ამბები

TV პირველის ჟურნალისტს ჰომოფობიური აქციის მონაწილე ხელით შეეხო

15 ივნისი, 2019 • 1638
TV პირველის ჟურნალისტს ჰომოფობიური აქციის მონაწილე ხელით შეეხო

მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავენ და ეპყრობიან ჟურნალისტებს. ემუქრებიან სხვადასხვა სიტყვებით, ეუბნებიან, რომ „დაიმახსოვრებენ“ და ა.შ.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს;

შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც.

14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

მოგვიანებით პოლიციამ ადგილზე ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილას და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობს.

„არ ვაპირებთ ყვითელი ავტობუსებით წასვლას, მოძალადე ჯგუფები გაიყვანონ“ — აქტივისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი