ახალი ამბები

ჰომოფობიური აქციის 8 მონაწილე დააკავეს

14 ივნისი, 2019 • 1424
ჰომოფობიური აქციის 8 მონაწილე დააკავეს

თბილისში, კანცელარიასთან რვა პირი დააკავეს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქციის გამართვას და კონტრაქციას მართავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

აქციაზე თავდაპირველად ოთხი პირი დააკავეს, ახლახან კი- კიდევ ოთხი.

ამჟამად კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან კანცელარიის შენობასთან, ხოლო თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ლგბტ უფლებების დამცველები- კანცელარიასთან ასასვლელ კიბესთან. მათ ერთამენთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, –განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “ნეტგაზეთის” ჟურნალიტს ტელეფონი წაართვა, კიდევ ერთი კი “ლიბერალის” ჟურნალისტს დაემუქრა, რომ ხელებს დაამტვრევდა და ტელეფონს გადაალეწავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი