ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის პლიაჟები ინფექციების რისკის გამო შესაძლოა დახურონ

16 ივნისი, 2019 • 1507
სოხუმის პლიაჟები ინფექციების რისკის გამო შესაძლოა დახურონ

ავტორი: მარიანა კოტოვა


იმ შემთხვევაში, თუ სოხუმში რამდენიმე კვირის წინ დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა ივლისამდე არ მოწესრიგდება, ქალაქის პლიაჟები შესაძლოა დაიხუროს.

“წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ გრილია და მიკროორგანიზმებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს. თუმცა, დათბობასთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ინფექციების საფრთხე გაიზრდება. თუ ვნახავთ, რომ წყლის ანალიზის შედეგი ცუდია, პლიაჟებს დავხურავთ. იმედი გვაქვს, ამის გაკეთება არ მოგვიწევს და ხელისუფლება ამ სეზონზე მოასწრებს გამწმენდი მექანიზმების ჩაშვებას”, – ამბობს ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოხუმის სანიტარულ-ეპიდემიოლოგური სამსახურის ხელმძღვანელი ალა ბელიაევა.

ოფიციალური ცნობითვე, წყლის ბაქტერიოლოგიური მაჩვენებლები ამ ეტაპზე ნორმაშია, თუმცა, სოხუმის ინფექციური საავადმყოფი უკვე გადავსებულია ბავშვებით. ჯანდაცვის უწყება კი შესაძლო მიზეზებზე ჯერჯერობით არ აკეთებს განცხადებას.

რაც შეეხება სოხუმში ზღვის კანალიზაციით დაბინძურების პრობლებას, 150 მეტრში ზღვის ნაპირიდან, ერთ-ერთ მონაკვეთში,  კანალიზაცია ავარიულად დაზიანდა. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ. თუმცა ივლისამდე სატუმბი სისტემის სიღრმეში ჩაშვება ვერ ხერხდება.

“ქსელში ძაბვის არასტაბილური მოწოდების გამო, რამდენიმე სატუმბი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა. ახლა ვყიდულობთ დანიური წარმოების ყველაზე დიდ სატუმბ მოწყობილობას. პრეზიდენტმა მის ყიდვაზე 10 მილიონი რუსული რუბლი გამოყო, თუმცა მისი ჩამოტანა სექტემბრამდე ვერ ხერხდება”, – ამბობს სოხუმის მერი ადგურ ხარაზია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი