ახალი ამბები

საჯარო სამსახურები პროაქტიულად ყველაზე ცუდად ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებენ – IDFI

14 ივნისი, 2019 • 1988
საჯარო სამსახურები პროაქტიულად ყველაზე ცუდად ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებენ – IDFI

2019 წლის მაისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 100 საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მათთვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო.

IDFI-მ შემდეგი უწყებების ვებ-გვერდების მონიტორინგი განახორციელა:

  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
  • 11 – სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი
  • 86 – სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულება

ანალიზის შედეგად IDFI-მ დაადგინა, რომ:

  1. მონიტორინგის ობიექტი 100 საჯარო დაწესებულებიდან, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, 15-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებ-გვერდი ან ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება;
  2. 2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;
  3. 2019 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების, დაცვით არცერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;
  4. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, ყველაზე დაბალი კი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (39%);
  5. 2014 წელთან შედარებით, 13 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან ცხრამ გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;
  6. საჯარო სამართლის იურიდიული პირების და საქვეუწყებო დაწესებულებების ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 47%-ს შეადგენს , მაშინ როდესაც მათი ზემდგომი უწყებების (სამინისტროების) საშუალო მაჩვენებელი 76%-ია;
  7. სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;
  8. საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო;
  9. არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (CSV ან XML) სახით. 31 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;
  10. მხოლოდ 48 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.

სრული დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი