ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ მორიგ კამპანიაზე საუბრობს, პროკურატურა კი წერილს იღებს

13 ივნისი, 2019 • 2145
პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ მორიგ კამპანიაზე საუბრობს, პროკურატურა კი წერილს იღებს

ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მორიგი კამპანია დაიწყო, საქართველოს პროკურატურამ კი დაადასტურა, რომ ნამდვილად მიიღო წერილი “ასკონას ჰოლტისჰგან” მომღერალთან დაკავშირებით.

“ასკონას ჰოლტი” ცნობილი,  ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა კლაისიკური მუსიკის სფეროში, რომლის დირექტორის მიერ საქართველოს პროკურატურისადმი გამოგზავნილი წერილი 13 ივნისს “რუსთავი 2”-მა გახადა საჯარო.

წერილში, რომლის ადრესატი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა, ორგანიზაციის დირექტორი კითხულობს:

“2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს.

გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა”.

ამ ციტატას რუსთავი 2 ავრცელებს. ამავე ტელეკომპანიის ეთერში პაატა ბურჭულაძემ მის მიმართ დაწყებულ ახალ კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთი და იგივე პირი მსოფლიოს წამყვან თეატრებში რეკავს და თხოვს პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებას ინტერვიუს ჩაწერის მიზნით. მიზეზად კი  ასახელებს, რომ თითქოსდა პაატა ბურჭულაძეს 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ეს პიროვნება თეატრებთან საუბრისას საკუთარ თავს “სააკოვს” უწოდებს და ამით მესიჯს უგზავნის.

ბურჭულაძე ამ კამპანიას “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს უკავშირებს.

რა ეტაპზეა გამოძიება ბურჭულაძის საქმეზე – დეტალები კვლავ უცნობია. პროკურატურამ 13 ივნისს “ასკონას ჰოლტისჰგან” წერილის მიღება დაადასტურა, თუმცა სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი