ახალი ამბები

პროპორციულ სისტემას თავისი რისკები აქვს – ირაკლი კობახიძე

13 ივნისი, 2019 • 1408
პროპორციულ სისტემას თავისი რისკები აქვს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე შემდგარი სამუშაო ჯგუფი იმ საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლება, რომლებიც ODIHR-ის რეკომენდაციებში არის განსაზღვრული და საარჩევნო სისტემის საკითხს არ განიხილავს.

კობახიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება. ეს ეხება საკითხებს, როგორიცაა: პარტიების დაფინანსება და დაფინანსების გამჭვირვალობა, უფასო საეთერო დროის განაწილება, ე.წ. სიჩუმის დღე და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვა.

საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე კი, კობახიძის თქმით, პარლამენტი იმსჯელებს იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით 200 000 ხელმოწერის წარდგენას მოჰყვება.

“საარჩევნო სისტემა წმინდა პოლიტიკური საკითხია და ამაზე ექსპერტული დისკუსიის გაშლა შეუძლებელია. ვიცით, რომ 2020 წლის შემდეგ ამოქმედებულია ეს სისტემა. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ერთადერთი, ვადასთან დაკავშირებით იქნება დავა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემას თავისი რისკები აქვს, თუმცა მისი უპირატესობაა გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის პრევენცია.

“პროპორციულ სისტემას აქვს თავისი რისკები და გამოწვევები. ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას. არაერთ ქვეყანაში, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც კონსოლიდირებული პარტიული სისტემები ჩამოყალიბებულია, სერიოზული პრობლემები გაჩნდა პროპორციული სისტემების პირობებში. როგორც კი ჩნდება ანტისისტემური პოლიტიკური პარტიები, პროპორციული სისტემა გარკვეულ რისკებს ქმნის სტაბილურობის თვალსაზრისით. არის ქვეყნები, სადაც 200 დღის ან ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ყალიბდებოდა მთავრობა. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იგივე ვითარება საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის გარეშე  პროპორციული სისტემის თუნდაც 2024 წელს ამოქმედებასთან სერიოზული რისკები იქნება დაკავშირებული.

“საარჩევნო სისტემის საკითხი, ბუნებრივია, განხილული იქნება. როდესაც საკითხის ინიცირება ხდება, პარლამენტი არამარტო უფლებამოსილია, ვალდებულია, რომ განიხილოს ეს კანონპროექტი და იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება”, – განაცხადა კობახიძემ.

 

ამავე თემაზე

ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტში 300 000-მდე ხელმოწერა შეიტანა

მასალების გადაბეჭდვის წესი