ახალი ამბები

ვერეს ხეობის ზოგიერთ ადგილას მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს – კალაძე

13 ივნისი, 2019 • 3153
ვერეს ხეობის ზოგიერთ ადგილას მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს – კალაძე

დღეს, 13 ივნისს, თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ სტიქიის ზონაში გაცემული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია შესრულდა. ვერეს ხეობაში სასტუმროსა და კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიას აკრიტიკებენ.

  • ქავერის ფოტო: კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ვერეს ხეობა – 2015 წლის 13 ივნისი

კახა კალაძემ განაცხადა, რომ სვანიძის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გაიცა და ქართული ოცნების დედაქალაქის მთავრობაში მოსვლისას უკვე აშენებული იყო ნაგებობა:

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. ცხაურების ნატარ-დამჭერების დამონტაჟება… ის სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, ზოგადად, არსებობს კონკრეტული ადგილები, რომელიც დღეს საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ეს კონკრეტული ადგილიც პრობლემური მგონია, რადგან პირდაპირ გვირაბის თავზეა აშენებული. მშენებლობა დასრულებულია ფაქტობრივად და აშენებულია”.

ჟურნალისტებთან ერთად ვერეს ხეობაში იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, რომელმაც კახა კალაძეს რედკოს კორპუსის მშენებლობაზე ჰკითხა, თუ რატომ გასცა პირადად მან მშენებლობის ნებართვა:

რედკოს კორპუსზე არანაირი პრობლემა არ არსებობს. ესეც დამტკიცებული პროექტი იყო და ჩვენ მშენებლობის ნებართვა გავეცით. ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური წერილი, რომ ეს ნიშნული საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. ვერეს ხეობაში გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც მშენებლობებისთვის და განვითარებისთვის არის საშიში, სადაც არ გავცემთ ნებართვას”.

ნატა ფერაძემ თბილიის მერს მოსთხოვა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ირწმუნება კალაძე, რომ სტიქიის ზონაში კორპუსის აშენება არის უსაფრთხო. პარტიზანული მებაღეობის წევრი ამბობს, რომ გეოლოგიური დასკვნები, რომელიც მერიას აქვს, არის სრულად არაკომპეტენტური.

თქვენ გაქვთ კომუნიკაცია თბილისის მერიასთან. მიმართეთ, კარი ღიაა და ყველა დოკუმენტაციას მიიღებთ. თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია”, – უპასუხა კახა კალაძემ ნატა ფერაძეს.

კითხვაზე, რამდენად დაზღვეულია 13 ივნისის მსგავსი ტრაგედიებისგან ის ადგილები, სადაც მშენებლობები განხორციელდა, კალაძე პასუხობს:

დაზღვეული არავინ არ არის, როდესაც სტიქია ხდება. ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია, თუმცა რეკომენდაციები, რომელიც იყო მოთხოვნილი, ეს გაკეთბულია. შესაბამისი ცხაურები გაკეთდა, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა სამუშაოები. თუმცა, ვიმეორებ, არის ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს. ამ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი გვაქვს. ერთადერთი – უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო შენობები. ეს არის ერთადერთი ბერკეტი და არ ვიცი, რამდენად შეიძლება მოხდეს. ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, არამხოლოდ ვერეს ხეობაში, რომელიც ურბანული თვალსაზრისით მიუღებელია და მიუღებელი იყო ამ შენობებისთვის ნებართვების გაცემა მშენებლობებისთვის, რაც ხდებოდა წლების განმავლობში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. უბრალოდ, ის მიდგომა, რომ მოდი, ახლა ყველა დავანგრიოთ, რომელიც არ მოგვწონს და არასწორად არის გაკეთბული, არ ვიცი, ამისთვის გვაქვს რესურსი?”

თბილისის მერს კიდევ ერთხელ მოჰყავს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული კორპუსები იმის მაგალითად, თუ როგორ არ უნდა განვითარებულიყო ქალაქი: “თუმცა ზოგიერთი დღემდე ამაყობს ამ მშენებლობებით”.

კახა კალაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი დარჩენილა კომპენსაციის გარეშე, ვინც შესაბამისი ანაზღაურება ვერ მიიღო: “თუ არსებობენ ასეთი ადამიანები, მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მობრძანდნენ მერიაში”.

იხილეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი