ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენში ძნელად შეხვდებით აფხაზების ან ოსების მოძულე ადამიანებს – ხედვა თბილისიდან

13 ივნისი, 2019 • 4802
ჩვენში ძნელად შეხვდებით აფხაზების ან ოსების მოძულე ადამიანებს – ხედვა თბილისიდან

დავით ბრაგვაძე, უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თბილისი


მე აფხაზეთი არასოდეს მინახავს – მხოლოდ ის, რაც ენგურის ხიდიდან ჩანს. მაგრამ ბევრი ისტორია მომისმენია მშობლებისგან, ბაბუისგან, ბიძისგან, ჩვენი სოხუმელი ნათესავებისგან. ამ ისტორიების ნაწილი ძალიან ყოფითია, ნაწილი- მანდარინის ბაღებზე, ნაწილი- „ტკბილი მოგონება“, ნაწილი ომზეა, ნაწილიც კი იმაზე, რომ ქართველებს და აფხაზებს ომამდეც ბევრი რამ არ გვესმოდა ერთმანეთის.

აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, ძალიან პატარა ვიყავი და რომ დამთავრდა, არც მაშინ ვყოფილვარ ძალიან დიდი, მაგრამ მახსოვს, ყველა აფხაზეთზე ლაპარაკობდა. ომის დროსაც და მისი დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ. დღეს ასეთი საუბრები ძალიან იშვიათად მესმის.

„კონფლიქტი“ – ეს სიტყვა თან სდევდა მთელს ჩემს ბავშვობას და თითქმის მთელ სტუდენტობას. ამ სიტყვით ვაფასებდით არსებულ მდგომარეობას, გაყოფილ საზოგადოებას, გადატანილ ომს, მსხვერპლს, დევნილობას… მაგრამ დღეს „კონფლიქტი“ სულ უფრო და უფრო იშვიათად მესმის. 2008 წელი მნიშვნელოვანი წყალგამყოფი იყო. ჩემმა თაობამაც საკუთარი თვალით ნახა, რა იყო ომი. ვნახეთ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ამ ომის შედეგად დევნილებად იქცნენ. 2008 წლის შემდეგ ჩვენი ლექსიკონიდან „კონფლიქტი“ გაქრა და ის „ოკუპაციამ“ ჩაანაცვლა.

დღეს სულ უფრო ნაკლებს ვფიქრობთ აფხაზებზე ან ოსებზე, რადგან ჩვენთვის კონფლიქტი მეორეხარისხოვან პრობლემად იქცა. მისი ადგილი ოკუპაციამ დაიკავა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიების მიტაცებით და შემოღობვით არ შემოიფარგლა. ეს ოკუპაცია ყოველდღიური მოვლენაა, რომელიც იტაცებს, აწამებს და კლავს ადამიანებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. ამიტომ კონფლიქტზე ნაკლებად გვეფიქრება.

ისე არ მინდა გაიგოთ, თითქოს კონფლიქტის არსებობას არ ვაღიარებდე (ან იმას ვაღიარებდე, რომ ოკუპაცია 2008 წლამდე არ ყოფილა), ან ის მეგონოს, თუ ხვალ რუსები წავლენ, აფხაზებთან ყველა პრობლემა ზეგ მოგვარდება. სამწუხაროდ, არც მასე მარტივადაა საქმე, მაგრამ მგონია, რომ ტრაგიკული მოვლენების მთელმა წყებამ ვითარების ადეკვატურად შეფასება გვასწავლა. ამიტომ გაცილებით მეტს ვფიქრობთ იმაზე, რაც უფრო მეტად გვვნებს.

ბოლო წლებია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში “ტერიტორიული მთლიანობა” ნომერ პირველ პრობლემად აღარ სახელდება. მან ადგილი ყოველდღიურ პრობლემებს დაუთმო. ესეც ვითარების ადეკვატურად აღქმის დამსაურებაა. უმუშევარ ადამიანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ ეფიქრება. ვისაც უმუშევრობა არ აწუხებს, ის თავისი ცხოვრების უკეთესი რეალიზაციითაა დაკავებული; სადღაც სასწავლებლად მიდის, კარიერას იკეთებს, ან ბიზნესს ავითარებს. ესეც ლოგიკურია, რადგან დღეს საქართველოში ყველამ იცის, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრი ოკუპაციის დასრულებამდე შეუძლებელია. დღეს ქართული საზოგადოების მთავარი საზრუნავი არა დაკარგულის დაბრუნება, არამედ არსებულის შენარჩუნება და განვითარებაა, რაც პრაგმატული არჩევანია.

თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ბრძოლის ნაწილია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ ბოლომდე წარმატებულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას და ის ადამიანები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას დღეს ნომერ პირველ პრობლემად არ ასახელებენ, სულაც არ არიან თანახმა, ეს მთლიანობა ვინმეს დაუთმონ.

მეორე მხრივ, ქართული საზოგადოება სიძულვილით არ იკვებება. ჩვენში ძნელად შეხვდებით აფხაზების ან ოსების მოძულე ადამიანებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველი მშობლები შვილებს იმ შეგნებით არ ზრდიან, რომ „აფხაზი მტერია“.

თუმცა არსებობს გარკვეული კითხვები, მაგრამ არა აფხაზების, არამედ საკუთარი ხელისუფლების მისამართით. მაგალითად, რატომ იღებენ აფხაზები და ოსები აქ ისეთ სამედიცინო სერვისებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების სოლიდური ნაწილისთვის მიუწვდომელია? ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი არსებობს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მსგავსი სერვისები მიუწვდომელი რჩება, ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება.

ყველა ამ სირთულის მიუხედავად, ქართული საზოგადოება მაინც წინ მიდის. მთელ რიგ საკითხებში, შესაძლოა, ძალიან ნელა, მარგამ მაინც წინ… მთავრი მიღწევა კი მაინც ის მგონია, რომ ჩვენ ამ კონფლიქტების ტყვედ არ ვიქეცით. ამ მძიმე რეალობაში ცხოვრება და განვითარება ვისწავლეთ, რაც სამომავლოდ ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს.

მთავარ პრობლემად კი (ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით) კომუნიკაციის ნაკლებობას ვხედავ. არ ვიცი, რამდენი თაობა დაიბადება და მოკვდება იქამდე, სანამ ქართველები და აფხაზები საერთო ენას ვიპოვით, მაგრამ მჯერა, რომ ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. თუმცა, იმ პირობებში, როცა წლებია ერთმანეთს პრაქტიკულად არ/ვერ ველაპარაკებით, როცა არსებით საკითხებზე ლაპარაკის დრო მოვა, საიდან დავიწყოთ, არ გვეცოდინება.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი