ახალი ამბები

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტში 300 000-მდე ხელმოწერა შეიტანა

13 ივნისი, 2019 • 1281
ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტში 300 000-მდე ხელმოწერა შეიტანა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა.

როგორც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერა საკმარისია, თუმცა ოპოზიციამ 300 000-მდე ხელმოწერა წარმოადგინა და კიდევ აგრძელებს კამპანიას მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად.

“10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობა უნდა განიხილოს პარლამენტმა, შემდეგ კი სესიაზე იქმნება საერთო-საჯარო განხილვის  კომისია, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ატარებს საქართველოს მასშტბით. ჩვენ “ქართულ ოცნებასთან” ერთად ძალიან აქტიურად ვიმოძრავებთ ამ ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, შემდეგ კი პროცესი შედის პარლამენტში. შემოდგომისთვის გვეცოდინება, რა ელოდება “ქართულ ოცნებას” – არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები, თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტა”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დროში ვერ ესწრება და აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების პირობებში პროცესი ოქტომბრამდე შეიძლება დასრულდეს.

პარლალელურად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, იმართება სამუშაო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, რომელზეც მიწვეული არიან პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მამუკა კაციტაძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმაში პრორპორციულ სისტემაზე გადასვლას არ მოიაზრებს, თუმცა სიანტერესოა, რას სთავაზობს იგი ოპოზიციას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი საარჩევნო საკითხების გაუმჯობესებას.

“ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად უზრუნველვყოფთ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამ პროცესის წარმართვას იმისთვის, რომ მთელი რიგი მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საარჩევნო საკითხები. ის საკითხები, რომელზე აქცენტიც იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ამ პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას და შესაბამისი სუბიექტების ჩართულობას უზრუნველვყოფთ. იმედი მაქვს, ეს პროცესიც ისევე წარმატებით დასრულდება, როგორც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა დასრულდა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ოპოზიციის ინტერესი და სურვილი უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა ულტიმატუმების ენით საუბარი.

“ისინი შესაძლოა ფიქრიბდნენ, გამოეთიშონ პროცესს და ამით მოახდინონ პროცესის დისკრედიტაცია. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგის დადებას შევძლებთ”, – დასძინა ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე

ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი