ახალი ამბებისამართალი

არასრულწლოვანი, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, ბრალს არ აღიარებს

12 ივნისი, 2019 • 4208
არასრულწლოვანი, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, ბრალს არ აღიარებს

დღეს, 12 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის ავტომობილის გატაცებაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  • არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

ადვოკატი ქეთევან გაგოევი დღვანდელ პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ხოლო პროკურატურამ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შეუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე

ქეთევან გაგოევის განცხადებით, საქმეში არ დევს არანაირი ვიდეომტკიცებულება, რომელსაც, წესით, პოლიციის კუთვნილი გატაცებული მანქანის ტრაექტორია უნდა დაედგინა. ადვოკატის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზითაც დადასტურდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ბრალდებულის მეურვემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ავარია მოხდა, ბიჭი სახლში იმყოფებოდა:

“სახლიდან იყო გასული, მაგრამ მალევე დაბრუნდა. ამ მოკლე პერიოდში არასრულწლოვანი ვერანაირად მოახერხებდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვას. პოლიცია რა დროებზეც საუბრობს, მაგ დროისთვის ბავშვი სახლში იმყოფებოდა უკვე და ფიზიკურად ვერ მოასწრებდა მსგავსი რაღაცის გაკეთებას”.

არასრულწლოვნის მეურვის თქმით, მობილურის მიმოწერას, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობას ამტკიცებს, საქმის მასალებს ხვალვე დაურთავს. კითხვაზე, რას უკავშირებს 17 წლის ბიჭის დაკავებას, მოზარდის მეურვე გვპასუხობს:

“არ ვიცი, მაგრამ ბავშვს აქვს 3-წლიანი პირობითი სხვა საქმესთან დაკავშირებით. მას ხულიგნობის მუხლი ჰქონდა წაყენებული და აქედან გამომდინარე დაუტოვეს 3 წელი პირობითი სასჯელი. პრობაციაზე ჩვეულებრივად დადიოდა ბავშვი. თუმცა, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. არავისთან მისაუბრია და კონკრეტული პასუხი არ მაქვს”.

პოლიციის 2 სხვადასხვა განცხადება 1 საქმეზე

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს I განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ  ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა. შსს-ს პირველი ვერსიით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველ განცხადებაში არც პოლიციის ავტომობილის ვინმეს მხრიდან გატაცებაზე და არც გამოძიეძიების შესაბამისი მუხლით დაწყებაზე არ ყოფილა საუბარი.

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს II განცხადებით, 10 ივნისს, გამთენისაას, გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. შსს-ს შეცვლილი ვერსიით, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, ავტომაგისტრალზე მოძრავ “ფორდ ტრანზიტს” შეეჯახა, ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა და მიიმალა. მეორე განცხადებაში შსს აღნიშნავს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აღძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.

რა ხდებოდა მაგისტრალზე გამთენიისას

გამთენიისას მაგისტრალზე მომხდარის გადაღება Qartli.ge-ს რედაქტორ საბა წიწიკაშვილი სურდა, თუმცა, მისი თქმით, ამ დროს ათამდე პოლიციელი დაესხა თავს და ცდილობდა მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

საბა წიწიკაშვილმა პოლიციის ამოყირავებული ავტომობილის გადაღება შორიდან მაინც შეძლო. შსს აცხადებს, რომ მომხდარზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.

Qartli.ge-ის რედაქტორის ინფორმაციით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, პოლიციის არცერთი ეკიპაჟი დევნას არ ახორციელებდა, რაც არასრულწლოვნის გაქცევის ვერსიაზე კითხვის ნიშნებს აჩენს.

შსს-ს განმარტება შეცვლილ განცხადებაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივნისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩაქაროსნულ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 02:09 საათზე მოხდა, ხოლო დაკავებული ნამდვილად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ გატაცებულ ავტომანქანას 2001 წელს დაბადებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი კ.წ. მართავდა. მასთან ერთად ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ის, რომ ამჟამად დაკავებული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გამოძიების მიერ გამოკითხული მოწმეებიც ადასტურებენ. მათ შორის ისინი, ვის ავტომანქანასაც კ.წ. შეეჯახა და ამის შემდეგ არასრულწლოვანს გატაცებული მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ. კ.წ-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და მისი დაკავება მომხდარიდან 12 საათის გასვლის შემდეგ განხორციელდა. ბრალდებულმა უარი განაცხადა ყველა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე და, შესაბამისად, არ არსებობს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გახმაურებული იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც არასრულწლოვნის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა უნდა დაედგინა”.

შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულს მხოლოდ ალკოტესტი ჩაუტარდა, რომელმაც გარკვეული დროის გასვლის გამო, ალკოჰოლური თრობა ვეღარ დააფიქსირა.

  • ქავერის ფოტო: საბა წიწიკაშვილი / Qartli.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი