ახალი ამბები

მოსკოვში გოლუნოვის მხარდამჭერი აქციის ასობით მონაწილე დააკავეს

12 ივნისი, 2019 • 2064
მოსკოვში გოლუნოვის მხარდამჭერი აქციის ასობით მონაწილე დააკავეს

მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი OVD Info იუწყება.

პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმის დახურვიდან მეორე დღეს რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, ჟურნალისტის საქმის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ.  რუსული მედიის თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი პრესსპიკერი არიან.

ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება, რომ პოლიციამ  აქციაზე არაერთი ჟურნალისტი დააკავა. მათ შორის არიან ამავე ტელეარხის, ასევე “მედუზას”, “МБХ Media”-ს, “ეხო მოსკვის”, “ნოვაია გაზეტას”, “შპიგელის” და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

სოციალურ მედიაში არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომლებშიც ჩანს, როგორ მიათრევენ ძალოვნები მოქალაქეებს პოლიციის მანქანებისაკენ.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელსაც “დოჟდი” ავრცელებს, ახალგაზრდა კაცი ჩანს, რომელიც პოლიციის მანქანიდან ადამიანებს შველას სთხოვს. კადრებში ჩანს, როგორ რეაგირებენ ძალოვნები მის მოწოდებაზე:

“დოჟდის” პირდაპირი ჩართვისას მოხდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელზეც ტელეარხი წერს: “ახალგაზრდა კაცი უბრალოდ ტელეფონით ხელში იდგა მოედანზე, მოსკოვში. ის დააკავეს”.

The Moscow Times-ს მიხედვით, რუსეთის კანონმდებლობით, ნებისმიერი პროტესტის დრო და ადგილი, რომელშიც 1 ადამიანზე მეტი მონაწილეობს, ოფიციალური პირებისაგან ნებართვას საჭიროებს. დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ მოსკოვის ხელმძღვანელობას აღნიშნულ პროცედურებზე მათთან ერთად პირდაპირ ეთერში ემსჯელა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. შესაბამისად, შეკრებისათვის ნებართვა არ გაცემულა.

დაკავებების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კრემლში საზეიმო მიღებას უმასპინძლა “რუსეთის დღესთან” დაკავშირებით, რომლის დროსაც, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო ჯილდოები გასცა.

ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV დაკავებები მოსკოვში, ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში. ფოტო: EPA/YURI KOCHETKOV

ივან გოლუნოვის საქმე – მოკლედ

სოლიდარობის კამპანიისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გუშინ, 11 ივნისს,  შეწყდა. რუსეთის შსს-ში ამბობენ, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო.

Meduza წერს, რომ იმ პოლიციელებს, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს, უფლებამოსილება შეუჩერეს და მათ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო.

ივან გოლუნოვი, რომელიც “მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტია, მოსკოვში, 6 ივნისს დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება დაკავებულს “დიდი ოდენობით” ნარკოტიკის გასაღებას ედავებოდა. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს.

გოლუნოვი ბრალდებებს უარყოფდა, მისი კოლეგები და მხარდამჭერები კი აღნიშნულს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდნენ.

ჟურნალისტის საქმეში ხარვეზები მალე გამიკვეთა: რუსეთის შსს-მ აღიარა, რომ მათ მიერ გავრცელებული ფოტოებიდან, რომლებიც გოლუნოვის ბინაში გადაღებულად გაასაღეს, არცერთი იყო გადაღებული ამ ადგილას, ერთის გარდა. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღების ბრალდებას, პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჟურნალისტისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ივან გოლუნოვის დაკავებას მის მიმართ სოლიდარობის უპრეცენდენტო კამპანია მოჰყვა: პირველივე დღეს, ჟურნალისტის მხარდამჭერები შსს-ს შენობებთან საპროტესტო პლაკატებით რიგრიგობით დგებოდნენ და გოლუნოვის გაათავისუფლებას ითხოვდნენ. პროტესტის პირველ დღეს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მოგვიანებით, რუსეთის რამდენიმე გაზეთმა გოლუნოვისადმი სოლიდარობის ნიშნად იდენტური თავფურცელი დაბეჭდა, წარწერით: “მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ”. მის მხარდასაჭერად მიმართვა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ჩაწერა.

რუსეთში გოლუნოვის სამართლებრივი დევნა შეწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი