ამბროლაურში მდგრადი განვითარების ფესტივალი გაიმართა

7 ივნისს ამბროლაურში მდგრადი განვითარების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა.

“მდგრადი განვითარება ყველასთვის” – ეს წლევანდელი ფესტივალის სლოგანია.  ფესტივალის მიმდინარეობისას ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში ჩატარდა სპორტული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სახალისო სემინარები ტექნოლოგიებში, გამოფენები და საუბრები, დღის ბოლოს კი, ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. 

„მოხარული ვარ, რომ წლევანდელ ფესტივალს რაჭა მასპინძლობს“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

მისივე თქმით, რაჭას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ამ უნიკალური შესაძლებლობების გამოსავლენად აუცილებელია სიღარიბის აღმოფხვრა, მოსახლეობის გადინების შეჩერება და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დაძლევა.

„მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალის შედეგად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება და ენთუზიაზმი მდგრადი განვითარების მიმართ, გამოჩნდება, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების მიღმა არავინ დარჩეს“.

იმისათვის, რომ რაჭის რეგიონში სიღარიბე დაიძლიოს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით, ადგილობრივ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა: კენკროვანი კულტურები, მეფუტკრეობა, მესაქონელობა მეღვინეობა და სხვა.

ერთ-ერთი ფერმერი, რომელმაც ამ მხარდაჭერით ისარგებლა, გულიზა ჩიკვილაძეა, მას ონის რაიონის სოფელ ნიგვზნარაში 1500 კვადრატული მეტრის ფართობზე 4 სახეობის კენკრა – უეკლო მაყვალი და ჟოლო მოჰყავს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ მხარდაჭერით. ჩვენთან სპეციალისტებიც ჩამოიყვანეს და  გადაგვამზადეს. ეს ძალიან დაგვეხმარა და კარგი შედეგი გვაქვს. გაგვიჩნდა საკუთარი შემოსავალი და ხვალინდელი დღის აღარ გვეშინია.”

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ რეგიონის მთავარი პრობლემა მიგრაცია და სიღარიბეა. მისი თქმით, ხელისუფლება და საერთაშორისო დონორები ამ მხარეში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ, რაც მისი ვარაუდით სიღარიბის დაძლევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

„ეს ფესტივალი არის შესაძლებლობა, რომ სტუმრებმა უფრო კარგად გაიცნონ ამ კუთხის შესაძლებლობები და ადგილობრივი მოსახლეობა”.

მისივე განმარტებით, რაჭა უფრო და უფრო ვითარდება და შორს არ არის დრო, როცა ხალხი ამ კუთხეს არ დატოვებს და პირიქით, უკან დაბრუნდებიან.

საფესტივალო დღე დაასრულა ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვამ და ღია ცის ქვეშ გამართულმა კონცერტმა ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით.  

მდგრადი განვითარების მეორე ეროვნულმა ფესტივალმა არაერთი მხარდამჭერი და პარტნიორი გააერთიანა. მათ შორის არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და მრავალი სხვა.    

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი