მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას იმედი აქვს, რომ ხელმოწერები სახელმწიფოს დაანახებს საზოგადოების ნებას:

“ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წავიდეთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ვაიძულოთ, რომ შექმნან ეს კომისია. იმიტომ, რომ ვიცით, პარლამენტმა დაარღვია ადამიანის უფლებები იმის გამო, რომ ამდენი თხოვნის შემდეგ უარი თქვა უმრავლესობამ კომისიის შემნაზე.

ივანიშვილის დაკვეთა იყო, რომ ეს სიმართლე ხალხმა არ გაიგოს, მაგრამ ეს ასე არ იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, რა დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფომ. ყველა ადამიანი დაისჯება, ვისაც თემირლანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი” ,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

29 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს შეისწავლის, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ინიცირებული.


19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყფოოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავების მომენტში მაჩალიკაშვილი სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

ამავე თემაზე:

ვინ (არ) დაუჭირა მხარი მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას [სია]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.