ახალი ამბებიეკონომიკა

ჩინური კომპანია იმუშავებს, თუმცა მსოფლიო ბანკის ტენდერებს 9 თვით ჩამოშორდება – ცქიტიშვილი

12 ივნისი, 2019 • 5629
ჩინური კომპანია იმუშავებს, თუმცა მსოფლიო ბანკის ტენდერებს 9 თვით ჩამოშორდება – ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა 9 თვით აუკრძალა საკუთარ ტენდერებში მონაწილეობა, თუმცა აღნიშნული კომპანიები ამ ხნის განმავლობაში განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მუშაობას.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საქმე ეხება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წელს გამოცხადებული ტენდერს, რომელიც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობას უკავშირდება. მინისტრის თქმით, შესაძლო გადაცდომები საგზაო დეპარტამენტმა დადგინა და აცნობა მსოფლიო ბანკს, როგორც პროექტის დამფინანსებელს.

მსოფლიო ბანკმა თავისი პროცედურების შესაბამისად განიხილა ეს ინფორმაცია და მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს იყო სატენდერო პროცედურების გავლის პროცესი. ეს არის ის პროცედურა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველა საერთაშორისო და შიდა ტენდერების გამართვის დროსაც. შესაბამისდ, თუ რამე დარღვევას აღმოაჩენს სამინისტრო, ვალდებულები ვართ, შევატყობინოთ  დამფინანსებელს, რასაც ვაკეთებთ კიდევაც ასეთი შესაძლო დარღვევების თაობაზე. შემდგომ უკვე უშუალოდ დონორის, ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის შიდა კომიტეტმა განიხილა ჩვენ მიერ მიწოდებული იფორმაცია, რის საფუძველზეც 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა ამ კომპანიას არა სამუშაოების შესრულება, არამედ ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ეს შეზღუდვა შეეხება 9-თვიან პერიოდს ამ კომპანიისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტენდერებს. ეს კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 9 თვის განმავლობაში იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს. ამასთან ერთად, ეს და მასთან აფილირებული კომპანიები ვალდებულები იქნებიან, კვლავ გააგრძელონ ყველა ის ურთიერთობა და იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჰქონდათ აღებული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ აისახება იმ სამუშაოებზე, რომელსაც ჩინური კომპანია საქართველოში აწარმოებს:

ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, ასეთი შემთხვევები ხდება მსოფლიოში, სამწუხაროდ. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტუტუტებს აქვთ თავიანთი შიდა სიები. ჩვენც და ყველა დანარჩენი ქვეყანაც ვალდებულია, რომ მათი პროცედურები დაიცვან”.

რა დარღვევებზეა საუბარი?

მსოფლიო ბანკის თანახმად, წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე აღნიშნულმა სამმა კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ პერსონალზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე მცდარი ინფორმაცია წარადგინა. უფრო ზუსტად, მსოფლიო ბანკის თანახმად, მშობელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციის“ (CRCC-ის) პერსონალი, აღჭურვილობა და გამოცდილება ისე გაასაღეს, თითქოს ეს „23-ე ჯგუფისა“ ყოფილიყო. არადა, ადგილზე არა მთავარი კომპანია (CRCC), არამედ „23-ე ბიურო“ მუშაობდა.

მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემა ამ ქმედებას თაღლითობად მიიჩნევს. სწორედ ამის გამო მსოფლიო ბანკმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ამ კომპანიებს 9 თვით აუკრძალეს მათ ტენდერებში მონაწილეობა. აკრძალვა ასევე შეეხება CRCC-ს კონტროლქვეშ არსებულ 730 აფილირებულ ფირმას.

9-თვიანი პერიოდის შემდეგ CRCC-ს, CR23-სა და CRCC International-ს, 730 აფილირებულ კომპანიასთან ერთად, გარკვეული პირობებით მოეხსნებათ აკრძალვა და შეეძლებათ მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ამ 9 თვის განმავლობაში ზემოთხსენებულ ჩინურ კომპანიებს კვლავ შეეძლებათ მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, თუკი დაემორჩილებიან იმ პირობებს, რაზეც ისინი მსოფლიო ბანკს მოურიგდნენ.

როგორც მსოფლიო ბანკი წერს, 9 თვით მათ ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა შემცირებული დროა, ხოლო ამ დროის შემცირება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩინურმა კომპანიებმა პასუხისმგებლობა აიღეს და ხარვეზების გამოსწორების, ღიაობისა და თანამშრომლობის პირობა დადეს.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი

მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდის თანახმად, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 164 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც მსოფლიო ბანკი 140 მილიონს აფინანსებს.

პროექტის მიზნებს შორის იყო საგზაო ხარჯების შემცირება მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაძლიერება საგზაო ქსელის მონიტორინგში.

გარდა ამ პროექტისა, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავარი სარკინიგზო ხაზის — თბილისი-ბათუმის რკინიგზის — მოდერნიზების პროექტზე, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკი იყო (278 მილიონი აშშ დოლარი). ამ პროექტის ფარგლებში, 23-ე ჯგუფს სხვადასხვა ადგილას მშენებლობაზე შრომის უფლებების დარღვევაშიც სდებდნენ ბრალს; დასაქმებულები რამდენჯერმე გაიფიცნენ. კომპანია ბრალდებებს უარყოფდა.

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მომუშავე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ჯგუფს სანქციები დაუწესა

მასალების გადაბეჭდვის წესი