მსოფლიო ბანკმა საქართველოში მომუშავე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ჯგუფს სანქციები დაუწესა

მსოფლიო ბანკმა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას“ (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას“ (CRCC International) და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს“ (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო სანქციები დაუწესა.

მსოფლიო ბანკმა კომპანიებს 9 თვით აუკრძალა საქმიანობა. თუმცა როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, ეს სანქციები არ ნიშნავს, რომ კომპანიამ საქართველოში მიმდინარე სამუშაოები უნდა შეწყვიტოს და აკძალვა მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობას შეეხება.

9-თვიანი აკრძალვა მსოფლიო ბანკსა და CRCC-ს მორიგების ნაწილია, რომელიც უკავშირდებანმაგისტრალის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილ დარღვევებს.

კერძოდ, მსოფლიო ბანკის თანახმად, წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე აღნიშნულმა სამმა კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ პერსონალზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე მცდარი ინფორმაცია წარადგინა.

უფრო ზუსტად, მსოფლიო ბანკის თანახმად, მშობელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციის“ (CRCC-ის) პერსონალი, აღჭურვილობა და გამოცდილება ისე გაასაღეს, თითქოს ეს „23-ე ჯგუფისა“ ყოფილიყო. არადა, ადგილზე არა მთავარი კომპანია (CRCC), არამედ „23-ე ბიურო“ მუშაობდა.

მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემა ამ ქმედებას თაღლითობად მიიჩნევს. სწორედ ამის გამო მსოფლიო ბანკმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ამ კომპანიებს 9 თვით აუკრძალეს ტენდერებში მონაწილეობა. აკრძალვა ასევე შეეხება CRCC-ს კონტროლქვეშ არსებულ 730 აფილირებულ ფირმას.

9-თვიანი პერიოდის შემდეგ CRCC-ს, CR23-სა და CRCC International-ს, 730 აფილირებულ კომპანიასთან ერთად, გარკვეული პირობებით მოეხსნებათ აკრძალვა. ამ პერიოდში მათ კვლავ შეეძლებათ მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, თუკი დაემორჩილებიან იმ პირობებს, რაზეც ისინი მსოფლიო ბანკს მოურიგდნენ.

როგორც მსოფლიო ბანკი წერს, 9 თვე აკრძალვის შემცირებული დროა, ხოლო ამ დროის შემცირება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ კომპანიებმა პასუხისმგებლობა აიღეს და ხარვეზების გამოსწორების, ღიაობისა და თანამშრომლობის პირობა დადეს.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 164 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც მსოფლიო ბანკი 140 მილიონს აფინანსებს.

პროექტის მიზნებს შორის იყო საგზაო ხარჯების შემცირება მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაძლიერება საგზაო ქსელის მონიტორინგში.

გარდა ამ პროექტისა, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ასევე მუშაობდა საქართველოს მთავარი სარკინიგზო ხაზის — თბილისი-ბათუმის რკინიგზის — მოდერნიზების პროექტზე, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკი იყო (278 მილიონი აშშ დოლარი). ამ პროექტის ფარგლებში, „23-ე ჯგუფს“ სხვადასხვა ადგილას მშენებლობაზე შრომის უფლებების დარღვევაშიც სდებდნენ ბრალს; დასაქმებულები რამდენჯერმე გაიფიცნენ. კომპანია ბრალდებებს უარყოფდა.

შენიშნვა: მასალა განახლებულია მინისტრი მაია ცქიტიშვილის განმარტებით.

ნახეთ ასევე:

ჩინური კომპანია იმუშავებს, თუმცა მსოფლიო ბანკის ტენდერებს 9 თვით ჩამოშორდება – ცქიტიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com