ახალი ამბები

ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

11 ივნისი, 2019 • 1308
ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება (ე.წ. ქუჩური გარჩევა) სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება.

წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

დამამძიემებლ გარემოებად ითვლება იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურებისა და ქონების განადგურების მუქარა; იგივე ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და არაერთგზის. ასეთ შემთხვევებში თავისუფლების აღკვეთის ვადა იზრდება სამ წლამდე.

ამასთან, ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

მასალების გადაბეჭდვის წესი