ახალი ამბები

დააკავეს იმ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, სადაც 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს

11 ივნისი, 2019 • 1118
დააკავეს იმ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, სადაც 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს

22 იანვარს თბილისში დაღუპული 4 წლის ბავშვის მამინაცვალი სხვა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული 20 მაისს დააკავეს.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მამინაცვლამდე ბავშვის დედა დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენა:

  • 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ),
  • 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)
  • 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, 3 შვილიდან ორი არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. მამინაცვალს სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთზე ძალადობა ედება ბრალად.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, ამჟამად ორივე ბავშვი მინდობით აღზრდაში ერთად იმყოფება და ორივეს როგორც ფიზიკური, ასევე ფსქიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა ორივე ბავშვს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.

“4 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ეს ბავშვები მყისიერად განთავსდნენ მინდობით აღზრდაში და ამ დროიდან მოყოლებული ისინი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან. ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ ადგილი ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა, შესაბამისად, როგორც ჩანს, აქედან მიეცა ძიებას საფუძველი, რომ მამა პატიმრობაში აყვანილიყო.

ძალადობის ნიშნები განსაკუთრებით უფროსს აღენიშნება, ამიტომ მასთან მუშაობს ფსიქოლოგი და ნევროპათოლოგი. რაკიღა ჩვენი ფსიქოლოგი დატვირთული იყო, ჩვენ დაგვეხმარა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“, რადგან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო. ბავშვს აქვს გამოვლენილი საჭიროებები, თუმცა ის კეთილსაიმედო და დაცულ გარემოში იმყოფება. ის თავს კარგად გრძნობს, დადის ბაღში, ხდება მისი სოციალიზაცია“, – ამბობს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია.

მისი თქმით, მეორე, უმცროსს ბავშვს წონის დეფიციტი აღენიშნებოდა, რაც გარკვეული უგულებელყოფის ნიშანი არის. ასევე განიხილება, როგორც ძალადობის ფორმა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია.

ვრცლად ამ თემაზე:

სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემა – რას ემსხვერპლა 4 წლის ბავშვი

მასალების გადაბეჭდვის წესი