ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა – კვლევა

11 ივნისი, 2019 • 5199
თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა – კვლევა

გამართე ან გამორთე – აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ა/ო საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიამრთა, რომელიც თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობას წარმოაჩენს.

კვლევის მიხედვით, თბილისში ჰაერის ხარისხი 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ მანქანების ნაკადების დიაგრამების ვიზუალური შედარებით, არ ყოფილა ნაკადების მნიშვნელოვანი ცვლილება 2018 და 2019 წლის თებერვალსა და მარტში.

წერეთლის გამზირზე დამონტაჟებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებიდან მოხდა ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი, როგორიცაა NO2, PM10 და PM2.5, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს. კვლევის მიხედვით, წერეთლის გამზირის სადგურზე ამ პარამეტრების რეგულარული გადაჭარბება დაფიქსირდა წლიურ ნორმებთან შედარებით.

გამართე ან გამორთე – კვლევის პრეზენტაცია. ფიტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კვლევის ავტორების თქმით, მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოჩნდა, რომ მცირედ გაიზარდა აზოტის დიოქსიდის რაოდენობა, რომლის ძირითად წყაროს წარმოადგენს შიგაწვის ძრავზე მომუშავე ავტომანქანები, ასევე, სამი თვის შეჯამების შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა PM2.5 რაოდენობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თებერვლის და მარტის მონაცემების მიხედვით 2019 წელს შეინიშნება PM2.5 დაბინძურების კლების ტენდენცია.

“2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარება”, – განაცხადა საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის წარმომადგენელმა, ეკა ლალიაშვილმა.

ახალი კვლევის მიხედვით, PM10-ით დაბინძურება მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2019 წელს 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ჯამური რაოდენობაც დასაშვებ ზღვარს ქვემოთაა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა ავტომობილებისა (გამონაბოლქვი, საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა და ა.შ), მიკრონაწილაკებით ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროა მშენებლობებიც სხვა ბუნებრივ წყაროებთან ერთად.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები აღებულია მხოლოდ ერთი სადგურიდან, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადგური განთავსებულია დატვირთული მაგისტრალის პირას, კარგად უნდა აღწერდეს ავტომანქანების მიერ ჰაერის დაბინძურებას.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ავტომანქანების ნაკადები შესადარებელ პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,  NO2-ით ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ასევე არის შიგაწვის ძრავებია, ყურადღება უნდა მიექცეს ამ პარამეტრს ავტომანქანების, განსაკუთრებით შიგაწვის ძრავებისა და კატალიზატორები,ს ტექნიკური დათვალიერებისას.

კვლევის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შიგაწვის ძრავები გამონაბოლქვში ძირითადად გამოყოფოენ აზოტის მონოქსიდს (NO), რომელიც შემდგომში გარდაქიმნება NO2-ად, თუმცა NO-ს მონაცემები არ არის air.gov.ge-ზე და, შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი ანალიზიც.

წერეთლის გამზირი, ელიავას ბაზრობა და სანაპირო. სურათი გადაღებულია თბილისის მერის, კახა კალაძის კაბინეტიდან © გიორგი დიასამიძე /ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი