ახალი ამბები

კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას დაუჭირა მხარი

10 ივნისი, 2019 • 1822
კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას დაუჭირა მხარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კომიტეტის სხდომაზე საკონკურსო კომისიის შერჩეულ და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს – ვალერი ლომუაშვილს და ლონდა თოლორაიას მოუსმინეს. კომიტეტმა სწორედ თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი კანდიდატურა – ლონდა თოლორაია – აკმაყოფილებდა, თუმცა ხელახალი კონკურსის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ფორმალური კანდიდატიც.

ლონდა თოლორაია დღემდე შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ტუღუში დაინტერესდა, ხედავს თუ არა თოლორაია პრობლემას იმაში, რომ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს და შს მინისტრ გიორგი გახარიასთან დაახლოებულ პირს სახელმწიფო ისპექტორის პოსტის დაკავების შემდეგ მოუწევს იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს, რომელთან ერთადაც დღეს მუშაობს.

თოლორაია მიიჩნევს, რომ სამართლდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ხელის შემშლელი არ იქნება.

“გულწრფელად გეტყვით, ამ სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ჩამოყალიბება წარმოუდგენლად მიმაჩნია საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის გამოცდილების არმქონე პირის მხრიდან. ის ცოდნა, რომელიც მე სამართლამდაცველ ორგანოებში მუშაობისას დავაგროვე, მხოლოდ წაადგება ამ სამსახურს და არცერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს. ორივე სტრუქტურაში, პროკურატურა იქნებოდა ეს თუ შს სამინისტრო, ჩემი საქმიანობის უდიდესი ნაწილი დაკავშირებული იყო  სწორედ გამომძიებელთა და პროკურორთა საქმიანობის მონიტორინგთან. მაშინ როდესაც მე არ მქონია არანაირი უხერხულობა ამ ადამიანების მონიტორინგის სისტემის შიგნით, მით უმეტეს, არ მექნება ამ საქმიანობის განხორციელების პრობლემა სისტემის გარედან, რომელიც გახლავთ ინსტიტუციურად დამოუკდიებელი უწყება”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაია არ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქმის კარგად გაკეთება რომელიმე უწყებასთან დაპირისპირებას ნიშნავს.

ამავე თემაზე:

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის კონკურსში თამარ ქალდანი არ მონაწილეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი