ახალი ამბები

არ ვარ პოლიტიკოსი და რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ – თოლორაია წარსულზე კითხვებს პასუხობს

10 ივნისი, 2019 • 1094
არ ვარ პოლიტიკოსი და რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ – თოლორაია წარსულზე კითხვებს პასუხობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ  ლონდა თოლორაიას, რომელიც 2007-18 წლებში პროკურატურის სისტემაში მუშაობდა, ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სისტემის შეფასება სთხოვა, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, “როგორ მოახერხა მან, ყველა ხელისუფლებისთვის მისაღები კადრი ყოფილიყო”.

ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ 2007 წელს სტაჟირების პროგრამით მოხვდა პროკურატურაში და მისი კარიერული წინსვლა ყველა ეტაპზე მხოლოდ პროფესიონალიზმით იყო განპირობებული.

“არ ვნანობ არცერთ იმ საფეხურს, რომელიც პროკურატურაში გავატარე, პირიქით, ვამაყოფ ჩემი გაკეთებული საქმით იმიტომ, რომ ვერასდროს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ეტაპზე მე არაკეთილსინდისიერად ან კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ვახორციელებდი ჩემს სამსახურებრივ უფლებამოსიელბას”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თოლორაიას თქმით, მას შემდეგ, რაც საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორად დაინიშნა, გენერალურ ინსპექციას ატყობინებდა პროკურორების გადაცდომის შესახებ, თუ ასეთს ადგილი ექნებოდა.

“ვფიქრობ, ის იერარქიული წარმატება, რომელიც მე ამ სისტემაში მქონდა, იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზის დამსახურება – აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი. რა თქმა უნდა, მე არ ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ რეჟიმების შეფასებისგან თავს შევიკავებ… რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვახერხებ ყველა ხელისუფლებაში ვიყო წარმატებული, ვფიქრობ, ამ კითხვაზე იყო პასუხი გაცემული – იმიტომ, რომ მე არასოდეს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნებოდი, არასოდეს არანაირი პოლიტიკური დაკვეთა არ შემისრულებია. ერთადერთი, რითიც ვხელმძღვანელობდი, იყო კეთილსინდისიერების პრინციპი და კანონმდებლობა. ამიტომ ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც აბსტრაქტულია და არაკონკრეტული, არანაირ ლოგიკას არ ემყარება”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი