ახალი ამბები

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

10 ივნისი, 2019 • 919
NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს და ინსპექტორის სამსახურის ფინანსური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობას.

როგორც კოალიციის განცხადებაში არის ნათქვამი, შესარჩევი კომისიის მიერ გასაუბრებაზე დაბარებული 7 განმცხადებლიდან მხოლოდ 1 აკმაყოფილებს კომისიის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს – მხოლოდ ამ უკანასკნელმა წარმოადგინა სავალდებულო სამოტივაციო წერილი სრულად, თუმცა გასაუბრების შედეგად შეირჩა და პრემიერს განსახილველად წარუდგინა 2 კანდიდატურა. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნით, კომისიამ პრემიერ-მინისტრს უნდა წარუდგინოს ინსპექტორის არანაკლებ 2 კანდიდატურა. იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ 1 კანდიდატურა აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კოალიციის აზრით, უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, რის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ის განმცხადებლებიც, რომლებმაც ვერ გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი.

“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კენჭისყრაში მონაწილე საკონკურსო კომისიის წევრების ამგვარი გადაწყვეტილება განპირობებულია წინასწარ განსაზღვრული კანდიდატურის სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მოტივით. საუბარია კომისიის წევრებთან კომუნიკაციისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ დარღვევებზეც. კოალიცია უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევის პროცედურებში არსებულ დარღვევებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობის დარღვევით კონკურსის ჩატარება ეჭვქვეშ აყენებს ინსპექტორის
შემდგომი საქმიანობის ლეგიტიმურობას”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციის შეფასებით, ზემოხსენებული ვითარება განსაკუთრებით საგანგაშოა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საჯარო ტრიბუნიდან 29 მაისს გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ მთავრობამ არ გამოყო სამსახურის ასამუშავებლად საჭირო ფინანსურ სახსრები.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

  • საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს კონკურსის წესების დარღვევით შერჩეულ კანდიდატებს;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადოს ახალი კონკურსი;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დროულად მიეწოდოს სათანადო ფინანსური სახსრები, რათა 2019 წლის პირველ ივლისს საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებას საფრთხე არ დაემუქროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი